თბილისის წმ მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე: განრღვეულის კვირა
იესო ქრისტეს ქვეყნად გამოჩენამ, მისმა ამაღლებულმა სწავლა-მოძღვრებამ, ქადაგებამ და მოღვაწეობამ დიდი გამოცოცხლება შეიტანა ურიათა შორის. ებრაელთა ნაწილმა სიხარულით მიიღო ქრისტიანული სჯული და გახდა ქრისტეს მიმდევარი. უმრავლესობა ურიებისა კი დაბნელებული გონებითა და გაციებული გულით, ასრულებდა რა სჯულს გარეგნულად და ქვეყნიური ცხოვრება უფრო მეტად ხიბლავდა, ვიდრე აღთქმული ზეციური სასუფეველი, გახდა მისი დაუძინებელი მტერი და წინააღმდეგი. მაცხოვრის მიერ ნაქადაგები სწავლა-მოძღვრება განსაკუთრებით მოიძულეს მწიგნობრებმა, ფარისევლებმა და სჯულისმცოდნეთ, რადგან აღნიშნული ქადაგებით გამოაშკარავდა მათი ბოროტება, უგუნურება და ცოდვა. ამის გამო სასტიკად გადაემტერნენ ისინი იესო ქრისტეს, იწყეს მისი დევნა და ეძებდნენ მიზეზს, თუნდაც უმნიშვნელოს, რომ მოეკლათ.

დღეს წაკითხული სახარება მოგვითხრობს, რომ მაცხოვარმა ერთხელ იხილა საერცელზე მდებარე განრღვეული, რომელიც შეებრალა, განკურნა და უბრძანა: „აღსდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე“. ურიებმა, იხილეს რა განკურნებული ცხედარითურთ მიმავალი, და ამასთან შეიტყვეს რა, რომ სნეული  განკურნა იესო ქრისტემ, არა თუ შესწირეს ღმერთს მადლობა და დიდება, არამედ უფრო მეტად განრისხდნენ იესო ქრისტეზე, აყვედრებდნენ მას და იტყოდნენ: იგი სჯულის დამაქცეველი არისო. რას ნიშნავს, ძმანო, ეს გასაოცარი ქცევა ურიათა? როგორ მოხდა, რომ მათ გაჭირვებულთა მხსნელსა და იმედს, გასაოცარი ზეადამიანური ძალისა და სიწმინდის მქონე ღმერთკაც იესო ქრისტეს, ნაცვლად მადლობისა, სიყვარულისა და პატივისცემისა, აყვედრეს, აგინეს და დევნეს, და არა მარტო დევნეს, არამედ როგორც წმიდა სახარებაშია „ამისათვის ენება მოკლვაჲ მისი“. როგორ მოხდა ძმანო, რომ ებრაელთა სჯულისმცოდნეებმა და მწიგნობრებმა დამაქცეველად მიიჩნიეს ის, რომელიც უდიდესი სიყვარულით ასრულებდა ყოველ წესს და კანონს ებრაელთა სჯულისას, ის რომელმაც საოცარი სიმდაბლით აღასრულა წესი განწმენდისა, წინადაცვეთისა და ნათლისღებისა. როგორ მოხდა ძმანო, რომ ურიებმა სიკეთისა და სიწმინდის გადარჩენის საბაბით, მოიძულეს წყარო იგი სიწმინდისა და სიყვარულისა? ეს ძმანო, მოხდა იმიტომ, რომ ურიათა სჯულისმცოდნენიცა და მწიგნობარნიც დიდად იყვნენ და დაცილებულნი ჭეშმარიტ სიყვარულსაც და სიწმიდესაც, მათ არ გააჩნდათ ის, რაც ასე უხვად იყო თავმოყრილი იესო ქრისტეს პიროვნებაში და ამიტომაც ცდილობდნენ მაცხოვრის თავიდან მოშორებას, რომ არ გაცხადებულიყო სჯულიდან გადასვლა მათი. ასეთია, ძმანო, ბუნება დაცემული კაცისა. იგი ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი ცუდი საქმენი და თვისებანი დაჰფაროს და გაამართლოს რითიმე. ებრაელთა დიდმა წინასწარმეტყველმა დავითმა კარგად იცოდა ბუნება კაცისა, როცა წერდა: „ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა, მიზეზებად, მიზეზთა ცოდვისათა, კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“ (ფს. 140, 4).

საყვარელო ძმანო! კაცი თავის ცოდვებს მაშინ გაამართლებს, როცა სძლევს და მოერევა საკუთარ სინდისს. სინდისი კი არის ადამიანის თანდაყოლილი შინაგანი ნიჭი, რომელიც ყოველ მოქმედებას, ფიქრსა და ზრახვას ადამიანისას თვალურს ადევნებს; უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, სიკეთიდან კაცის ყოველ გადახრას აღნუსხავს და მაშინვე აგებინებს ადამიანს. სინდისი კაცისა უტყუარი და შეუცდომელია, რადგან ღვთიური ნიჭია. იგი ამავე დროს ულმობელიცაა. თუ კაცი რაიმე უწესოს მოიმოქმედებს და კარგად დაუგდებს ყურს თავის შინაგან ხმას, მიხვდება, რომ რაღაც უხილავი, შინაგანი ძალა აღდგება მის წინააღმდეგ, ააფორიაქებს და მოსვენებას დაუკარგავს მის სულს. ასეთ დროს ადამიანმა გონებით კიდეც რომ გაამართლოს საკუთარი თავი და საქციელი, სინდისი მისი ბოლომდე აგრძნობინებს რომ არ არის მართალი.

როგორც ვნახეთ, ძმანო, სინდისი ეს თანდაყოლილი ნიჭია და არა შეძენილი, როგორც სხვა თვისებანი კაცისა. ამიტომ მისი ჩაკვლა და სრულიად მოსპობა ყოვლად შეუძლებელია. როგორც არ შეუძლია ადამიანს თავის თავში ჩაკლას გრძნობა შიმშილისა, წყურვილისა, სიცივისა და სიცხისა, ისე ვერ ჩაკლავს კაცი თავის თავში სინდისის გრძნობას – შინაგან ღვთიურ მადლს. მაშ, როგორ ხდება ძმანო, რომ ზოგიერთი ბოროტებას დამონებული ადამიანი უსინდისო კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, განა ღმერთმა არ მისცა მას ეს ძვირფასი ნიჭი? – რა თქმა უნდა, უფალი არავის ტოვებს მის გარეშე, უბრალოდ ხდება ისე, რომ ხშირად ადამიანი შეგნებულად აუხეშებს და ბორკილებს ადებს თავის შინაგან ღვთიურ მადლს. ცოდვებში ჩაფლული ადამიანი თვითონ ცდილობს საკუთარი სინდისის ჩაკვლას, რომ არ განცხადდეს მისი ცოდვით შებღალული მდგომარეობა, შეიძლება კაცმა რაღაცნაირად მიაძინოს, მიაყუჩოს და მიჩქმალოს ეს ძლიერი საზომი სიკეთისა, მაგრამ სავსებით მის ჩაკვლას მაინც ვერ შეძლებს. ადრე თუ გვიან ადამიანში იღვიძებს მიძინებული გრძნობა სიმართლისა, სიკეთისა და სიყვარულისა და კვლავ და კვლავ ახსენებს კაცს თავის არსებობას. ცოდვებით დამძიმებული ადამიანისათვის ეს გახსენება იქნება წამებაზე უარესი. ამიტომაცაა, რომ ცოდვილ ადამიანს არ უყვარს სიკეთის მოსმენა და გაგონება, რათა ამ უკანასკნელმა არ გამოაფხიზლოს და არ აღადგინოს სინდისი მის წინააღმდეგ. ამიტომაც იყო, რომ ურიათა სწავლულ მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს ეკალივით ესობოდათ იესო ქრისტეს საუბრები. იესო მაცხოვარი მათთვის გახდა მსაჯული, რომელსაც თავისი უბიწოებით, სიწმიდითა და სიმართლით საქვეყნო სამსჯავროზე გამოჰყავდა ისინი – ორგულნი და ფარისეველნი. მართალია მაცხოვარი პირდაპირ მხილებას ერიდებოდა ხალხისას და უმეტესად იგავებით ელაპარაკებოდა, მაგრამ მათთვის მაინც ძნელი იყო მისი სწავლა-მოძღვრების მოსმენა და არა მარტო მოსმენა, არამედ ვეღარც ეგუებოდნენ ქრისტეს არსებობას ქვეყნად და აკი ეძებდნენ საბაბს, რომ მოეკლათ იგი – ყოვლად უდანაშაულო და უცოდველი ადამიანთა შორის. ასეთია ბუნება სიკეთეს დაცილებული, ცოდვებით დამძიმებული ადამიანისა, ასეთია არსი უგუნურებისა და ბოროტებისა. თუ მაცხოვარმა შაბათ დღეს აღადგინა განრღვეული, განა ეს შეიძლებოდა ჩაეთვალათ დანაშაულად? სიკეთე, რომელიც სნეულს აღადგენს, გაჭირვებულს შვებას მოგვრის, შეიძლება იყოს ცოდვა? განა შაბათი ღმერთმა კაცისთვის არ დააწესა და არა კაცი შაბათისთვის? სჯული და ყოველი მცნება ღვთისა ხომ უმეტესად ადამიანის გასაკეთილშობილებლად და სასიკეთოდ იქნა დაწესებული და არა ღმერთის გულის მოსაგებად?

ამისთვის საყვარელნო ძმანო, გევედრებით, ნუ მივემსგავსებით ორგულ ფარისევლებსა და მწიგნობრებს, ყველგან და ყოველთვის ვიქმოდეთ კეთილ საქმეს, რათა შევიმოსოთ ის ძვირფასი სამოსელი, რასაც სათნოება და სიყვარული ჰქვია. რომ ქრისტე შევიმოსოთ და ქრისტე შემოსილნი ქრისტესა ვმსახურებდეთ და მისი მადლით განათლებულებმა დავიმკვიდროთ ზეციური სასუფეველი, რომელი განმზადებულია მართალთათვის უფლისა მიერ, რომლისა არს დიდება და პატივისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

1982 წ. სამთავრო

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): მენელსაცხებლე დედათა კვირა
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო,

დღეს წმიდა ეკლესია აღასრულებს წმიდა მენელსაცხებლე დედების – მარიამ მაგდალინელის, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას, სუსანასა და სხვათა ხსენებას. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შემდგომ ერთ-ერთი პირველ კვირა დღეს რომ ეკლესიის მიერ საგანგებოდ იქება და იდიდება ნეტარხსენებული დედების ღვაწლი, არაა შემთხვევითი. როგორ მოიპოვეს მენელსაცხებლე დედებმა ესოდენი პატივი და ღირსება? რა მოიმოქმედეს მათ განსაკუთრებული? საღვთო წერილი არაფერს ამბობს იმაზე, რომ მათ მიეღოთ განსაკუთრებული მონაწილეობა ქვეყნად სახარების ქადაგება-გავრცელებაში. წმიდა წერილში არც ის ჩანს, რომ მათ გადაეტანოთ მრავალი ტანჯვა-წამება და დაეთხიოთ სისხლი ქრისტეს სჯულისათვის, თუ ასეა, მაშ რისთვის მიანიჭა ეკლესიამ ამოდენა ღირსება და პატივი? რისთვის ვუგალობთ დღეს მათ ასეთი მონდომებითა და სიყვარულით? რისთვის და იმ უსაზღვრო სიყვარულისათვის, ერთგულებისა და სამსახურისათვის, მაცხოვრის მიმართ რომ გამოიჩინეს მისთვის ყველაზე მძიმე და სახიფათო ვითარებაში, როცა ურიათა გულბოროტი მღვდელმთავრების მიერ წაქეზებული ებრაელნი სასტიკად დევნიდნენ ყველას, ვინც კი იესო ქრისტესთან ურთიერთობაში იყო შემჩნეული. როცა ქრისტე მიტოვებულ იქნა ახლობელი ადამიანებისაგანაც, მენელსაცხებლე დედები განცხადებულად ტიროდნენ და იგლოვდნენ იესო ქრისტეს, უშიშრად იდგნენ უფლის ჯვარცმის წინ, ხოლო შემდეგ განთიადისას მოსწრაფებით მიიჩქაროდნენ უფლის საფლავისაკენ, რათა ეცხოთ ნელსაცხებელი. მიიჩქაროდნენ და არაფრად მიიჩნევდნენ იმას, რომ ამით ხიფათსა და განსაცდელში იგდებდნენ თავს; მიიჩქაროდნენ დედები და დავიწყებოდათ ფიქრი იმაზე, რომ უხეშ მცვლებს შეეძლოთ მათთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და არ დაეშვათ ისინი კეთილი საქმის შესასრულებლად. მიიჩქაროდნენ ქრისტეს მხევალნი და მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, თუ ვინ გადაუგორებდათ მათ საფლავიდან უზარმაზარ ლოდს, ურიებმა საგანგებოდ რომ მიაგორეს. დედებმა საფლავს კი მშვიდობით მიაღწიეს, მაგრამ დიდად გაიოცეს, როცა ლოდი გადაგორებული დახვდათ და ზედ სპეტაკი ანგელოზი იხილეს ღვთისა, რომლისგანაც შეიტყვეს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ამბავი. შეშინებული დედები ის იყო უკან გამობრუნებას აპირებდნენ, რომ მოციქულებისათვის ეცნობებინათ მომხდარი სასწაული, რომ მათ გზაზე გამოეცხადათ იესო ქრისტე ჩვენებით, რომელსაც დიდი სიხარულით შეუვრდნენ და თაყვანი სცეს.

როგორც დავინახეთ, ძმანო, იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ პირველად გამოეცხადა არა მოციქულებს, რომელნიც ურიათა შიშის გამო დაიფანტნენ, არამედ მხნე და ერთგულ მენელსაცხებლე დედებს. ძე ღვთისამ თავისი მკვდრეთით აღდგომა, ძლევა სიკვდილისა და ჯოჯოხეთისა ყველაზე უწინ ახარა მენელსაცხებლე დედებს. სწორედ მათ, პირველებს ადამიანთა შორის, მიმართა სანუკვარი სიტყვით „გიხაროდენ“, რაც იმ დიდი ერთგულებისა და სიყვარულის საფასური იყო, მისდამი რომ გაიღეს.

ამიტომ საყვარელნო ძმანო, ვიხსენებთ რა კურთხეულ დედებს, ამით გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ ერთგულების, სიყვარულისა და კეთილი სამსახურისათვის, იესო ქრისტეს რომ მიაგეს, მაგრამ უმთავრესი მიზანი მათი მოხსენიებისა მაინც ის უნდა იყოს, რომ მათი ღვაწლის გახსენებამ ჩვენს გულებშიც გააღვიძოს მაცხოვრისადმი ერთგულების, სიყვარულისა და კეთილი მსახურების სურვილი.

მათი კეთილი სამსახურის გახსენებით წმიდა ეკლესია ყოველი მორწმუნე ქრისტიანისაგან ითხოვს მსგავს ერთგულებასა და სამსახურს ღვთისას. ნურავინ იფიქრებს, რომ ქრისტეს სამსახური დღეს შეუძლებელია, რადგან ხილულად ის ჩვენს შორის არ იმყოფება. უფალი ჩვენთანაა მარადის, ჩვენს შორისაა, ჩვენს გულებშია. თომა მოციქულსა და მისი სახით ყოველ მორწმუნეს აკი აღუთქვა მაცხოვარმა „ნეტარ-არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე-ო“ (ინ. 20, 29), ე.ი. ნეტარნი იქნებიან ისინი, რომელნიც უფალს იწამებენ და ემსახურებიან მარადის, ვიდრე ქვეყნად მის მეორედ მობრძნებამდე. მაგრამ როგორ ვემსახუროთ ქრისტეს, რა გზით შეიძლება მასთან მიახლება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ მაცხოვრისავე სიტყვები გამართლებულ ადამიანებს რომ მიმართავს საყოველთაო განსჯა-გასამართლებისას: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო! და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი, დასაბამიდან სოფლისათ: რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუით მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა. რამეთუ რავდენ უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მთ. 25, 34-40). ასე რომ, ძმანო, მოყვასის სიყვარული უფლის სიყვარულია, ეკლესიის სამსახური ღვთის სამსახურია, ყოველივე თქვენს მიერ გაღებული მოყვასის საკეთილდღეოდ – ღვთისადმი გაღებული; მოყვასის გადასარჩენად თავგანწირვა – უფლისათვის თავის გაწირვაა, ერთგულება და სიყვარული წმიდა ეკლესიისა – უფლის ერთგულება და სიყვარულია.

ამისათვის გლოცავთ და გევედრებით საყვარელნო ძმანო! მივემსგავსოთ მენელსაცხებლე დედებს მაცხოვრის ერთგულებასა და სიყვარულში. მარადის კეთილად ვმსახურებდეთ უფალს ჩვენსას. თვით უკიდურესად  მძიმე და სახიფათო მდგომარეობაშიც კი არ უნდა შეგვეშინდეს მისი აღიარება და სიყვარული, კეთილად აღსრულება მისი მცნებებისა.

საყვარელნო მენელსაცხებლე დედანო! თქვენ გხვდათ ბედნიერება ადამიანთა საცხონებლად განკაცებული ძე ღვთისას ხილვისა და მსახურებისა. თქვენ მისი ჯოჯოხეთური ტანჯვის მოწმენიც ხართ, იმ ტანჯვა-წამებისა, რომელმაც კიდევ უფრო განგიმტკიცათ სიყვარული და თავდადება ყოვლად უსამართლოდ დასჯილი ღმერთკაცისა. ჩვენ, საყვარელნო დედანო, ამ დიდ პატივს მოკლებულნი ვართ, მაგრამ სიყვარულით ჩვენც ძალიან გვიყვარს უფალი იესო ქრისტე, ჩვენც როგორც თქვენ 20 საუკუნის წინათ, ვიგლოვთ და დავტირით ქრისტეს წამებასა და სიკვდილს; ჩვენც, როგორც თქვენ, ფიქრით და აზრით ხშირად მივეშურებით მაცხოვრის საფლავისაკენ, რომ გადავაგოროთ უზარმაზარი ლოდი ურწმუნოებისა და ბოროტების და სიყვარულით ვცხოთ მის უწმიდეს სხეულს ნელსაცხებელი საკუთარი ცრემლით განზავებული. ხომ ხედავთ, წმიდა დედანო, როგორ გემსგავსებით თქვენ; გემსგავსებით იმიტომ, რომ ერთი სიყვარული გვაერთიანებს ჩვენ, ერთი მიზანი გვამოძრავებს – ესაა უფლის სიყვარული, მოყვასის სიყვარული.

ამიტომ ერთად შევთხოვოთ უფალს წმიდა დედანო, რომ არ მოგვშლოდეს ჩვენ, ადამიანებს, გრძნობა სიყვარულის, სიხარულის, თავდადებისა და ერთგულების, რომ უფლის ცხოველმყოფელი მადლი არ მოკლებოდეს  მის სამწყსოს.

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!

1982 წ. სამთავრო

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): ბზობა
სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა.

საზეიმო იყო ძმანო უკანასკნელი მსვლელობა მაცხოვრისა იერუსალიმში. იგი სახედარზე მჯდომი და ზღვა ხალხით იყო გარშემორტყმული, როგორც მეფე და მბრძანებელი. დღესასწაულზე წმიდა ქალაქში მრავლად ჩამოსულებმა, გაიგეს რა იესოს გამოჩენა, ხის ტოტებით გამოვიდნენ მის შესახვედრად. ზოგი წინ გაუძღვა, ზოგიც თან გაჰყვა მაცხოვარს, ერთნი სიხარულით ტანსაცმელს უფენდნენ გზას მიმავალს, მეორენი კი – ტოტებს ხისას. მარტო დიდები კი არა, პატარა ბავშვებიც განსაკუთრებულ სიხარულს მოეცვა. ისინი ოსანასა და ვაშას შეძახილით მიეგებნენ მეუფეს ჰურიათას: „ოსანა ძესა დავითისასა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა რომელი ხარ მაღალთა შინა“ (მთ. 21, 9).

მიუხედავად ასეთი საზეიმო შეხვედრისა, მახარებელ ლუკას თქმით, როცა მიუახლოვდა ქალაქს იესო „სტიროდა მას ზედა“ (ლკ. 19, 41). რას უნდა ნიშნავდეს ძმანო უფლის ამგვარი მოქმედება? რა ატირებდა მას ერთს, როცა მის ირგვლივ მყოფთ სიხარული დაუფლებოდათ? ნუთუ მას არ ახარებდა სითბო და პატივისცემა, მასთან შეხვდრისას რომ გამოჩინეს ურიებმა?

იერუსალიმელნი მართლაც მიეგებნენ იესო ქრისტეს როგორც მეუფეს ისრაელისას. ისინი შეხვდნენ ქრისტეს, როგორც ქვეყნიურ მბრძანებელს და არა როგორც მესიას. ებრაელნი ფიქრობდნენ, რომ ქრისტე დაბრძანდებოდა რა დავითის ტახტზე, უპირველესად გაათავისუფლებდა მათ რომაელთა მონობისაგან, შემდეგ კი სხვა ხალხებზეც გააბატონებდა და აურაცხელ ქვეყნიურ სიმდიდრესა და პატივს მოუტანდა. აი ასეთ მეუფეს ეგებებოდა იერუსალიმი. რამდენს არ ეცადა უფალი თავისი ქვეყნიური მოღვაწეობისას განეფანტა ურიებს შორის ეს მცდარი მოსაზრება, მაგრამ ხალხს სხვანაირი მეუფე და მხსნელი არ ვერ წარმოედგინა. იცოდა ეს უფალმა და კიდეც განიცდიდა. მაშინ, როდესაც ერთნი საზეიმოდ ეგებებოდნენ ძე ღვთისას როგორც საკუთარ მეუფეს, სხვები – მისი მოწინააღმდეგენი, მწიგნობრები და ფარისევლები, კიდევ უფრო მეტი სიძულვილით განეწყვნენ მის მიმართ და ეძებდნენ მარჯვე მომენტს, რომ მოეკლათ> უფალი იმასაც გრძნობდა, რომ ეს მოზეიმე ხალხი, რომელიც ეხლა ოსანასა და ვაშას შესძახოდა, რამოდენიმე დღის შემდეგ მას სრულიად მიატოვებდა და მისი მტრების მხარეზე დადგებოდა. იესომ იცოდა, რომ ხალხი რომელიც საზეიმოდ ეგებებოდა მას მას როგორც მეუფეს ისრაელისას, იგივე მეუფეს რამოდენიმე დღის შემდეგ ჯვარზე სატანჯველად  და სასიკვდილოდ გაიმეტებდა.

იესო ქრისტე უფრო შორსაც იხედებოდა: იგი წინასწარ გრძნობდა თუ როგორ შემოერტყმებოდნენ ებრაელი ხალხის მტრები, – რომაელნი, იერუსალიმს გარს, და როგორ აქვევდნენ მას ნანგრევებად, რადგან ურიანი ვერ იცნობენ ქრისტეს როგორც მხსნელსა და მაცხოვარს და გაიმეტებენ მას მოსაკლავად. ამიტომ ამბობდა იგი: „უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა. ხოლო აწ დაეფარა თვალთაგან შენთა“ (ლკ. 19, 42). უწყოდა ყოველივე ეს უფალმა და ამიტომ ტიროდა. მიუხედავად საზეიმო შეხვედრისა და სიხარულისა უფალი ხედავდა ყოველივეს, რაც მათ გულში იმალებოდა. უფალი ამჩნევდა არა მარტო იმას, რაც მის თვალწინ ხდებოდა, არამედ იმასაც, რაც იმავე ქალაქში მის წინააღმდეგ მზადდებოდა და რაც ამ ქალაქს მომავალში ელოდა.

დღეს ჩვენც ვდღესასწაულობთ საყვარელნო, ქრისტე მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შებრძანებას, დღეს ჩვენც ვეგებებით მას ბზის ტოტებით, როგორც მხსნელსა და მაცხოვარს და მოზეიმე იერუსალიმელთა მსგავსად ჩვენც ვუღაღადებთ მას: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.

მაგრამ, ალბათ როგორც მოზეიმე იერუსალიმელთ, ზოგიერთს დღესაც ქრისტე ძლევამოსილ ქვეყნიურ მეუფედ წარმოუდგენია. ბევრი დღესაც უფალს მხოლოდ იმისათვის მიმართავს, რომ ქვეყნიური სიკეთე გამოსთხოვოს მას. მარტო ქვეყნიურის გამოდევნებამ კი როგორც ვიცით ურიებს უფრო დიდი სიკეთე – აღთქმული სასუფეველი ღვთისა დააკარგვინა.

ამიტომ გლოცავთ და გევედრებით, საყვარელნო, მივეგებოთ ბზის ტოტებით უფალს ჩვენსას, როგორც ჩვენს სულიერ მხსნელსა და მაცხოვარს; მივეგებოთ უფალს, როგორც მომიჭებელს საუკუნო ცხოვრებისას, მართალთათვის რომ არის განმზადებული ზეცას და ვუგალობოთ საზეიმოდ: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.

1984 წ. სვეტიცხოველი

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): იესო ქრისტე – კაცობრიობის მხსნელი
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!

მოგეხსენებათ, რომ ქვეყნიერების დასაბამს, როცა დაბადა ღმერთმა ადამიანი, დაადგინა იგი სამოთხეში, შეამკო სათნოებით და მისცა მას მცნება, რომ არ ეჭამა ნაყოფი ხისგან ცნობისა კეთილისა და ბოროტისა, რომელიც იდგა სამოთხის ბაღის შუაგულში. მაშინ კაცი იყო წმინდა და უბიწო, ცხოვრობდა შვებითა და ღვთის დიდებით, მაგრამ როცა ადამიანმა დაარღვია მცნება ღვთისაგან მოცემული და შეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი, მაშინ დაჰკარგა კაცმა ცხოვრება სამოთხისებური და მასთან ერთად უკვდავება ქვეყნიური. შეცოდებით დაეცა ბუნება ადამიანის, იგი ჩავარდა დიდებისმოყვარებასა და გემოთმოყვარებაში; ღვთის ხატადა და მსგავსად შექმნილი თავისუფალი ნების ადამიანი იძლია ვნების მიერ: კაცი თავისი ნების დაემონა ცოდვას და დაშორდა ღმერთს. ქვეყნად გამრავლდა უკეთურება, ბიწიერება და სიკვდილი. ადამიანებმა მიივიწყეს თავიანთი გამჩენი ღმერთი და მისგა მიცემული ბუნებითი სჯულიც. მხოლოდ ზოგიერთებმა – ღვთისგან გამორჩეულებმა – დაიმარხეს გულში უფლის სიყვარული და მცნებები. ესენი იყვნენ: აბრაამი, ნოე, იაკობი, და სხვა მამამთავრები.

ადამიანთა მოდგმაზე გაბატონდა ცოდვა, ეშმაკმა განფინა ქვეყნიერებაზე უკეთურება თვისი. ადამიანებმა იწყეს კერპების თაყვანისცემა, ხალხში მომრავლდა კაცისკვლა, შური, ანგარება და ყოველგვარი უკეთურება. სულ უფრო ეფლობოდა კაცი ცოდვის ჭაობში, ადამიანს არ შესწევდა ძალა და უნარი მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევის. ისიც კი აღარ იცოდა კაცმა, თუ რა იყო კარგი და რა – ცუდი. ეს მოხდა იმიტომ, რომ ადამიანს მივიწყებოდა შინაგანი, ბუნებითი სჯული, ოდითგან რომ ჰქონდა მას ღვთისაგან მიცემული. სახიერმა და კაცთმოყვარე ღმერთმა შეიწყალა ადამიანები და წინასწარმეტყველ მოსეს მიერ მისცა მათ სჯული, ანუ კანონი, რომელშიც ზოგიერთი საქმე აქო და ზოგიც აძაგა და დაგმო. ე.ი. ამას იქმოდეთო და ამას ნუ იქმთო. უმთავრესი ამ მცნებათაგან იყო შემდეგი: „უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთ არს“, და „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“. პირველი მცნებით ღმერთს სურდა კაცი განშორებოდა მრავალ ღვთაებათა და კერპების თაყვანისცემას, ხოლო მეორეთი – მთელი არსებით ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეყვარებასა და აღიარებას ითხოვდა.

სახიერმა ღმერთმა ადამიანებს მისცა სჯული იმისათვის, რომ მათთვის შემწეობა აღმოეჩინა, მოექცია ისინი სიკეთისადმი და გაემართა მათი ცხოვრება. ღვთის მიერ მოცემულ კანონებს დაცემული კაცი უნდა აღედგინა, მაგრამ იგი ვერ გაიმართა. ამის შემდეგ ღმერთმა ადამიანებს დასახმარებლად მოუვლინა წინასწარმეტყველნი, მაგრამ ვერც მათ შეძლეს ქვეყნიერების წყლულების განკურნება, ვერც მათ მოახერხეს ადამიანის ხსნა და გადარჩენა. წინასწარმეტყველი ისაია ამაზე ბრძანებდა: „არა არს მის შორის სიმართლე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძვილი განსივებული, არა არს სალბუნი, დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი“ (ის. 1, 6). აღნიშნული სიტყვების აზრი შემდეგია: ქვეყნიერების წყლული, ანუ ბოროტება მცირე არ არის, მას რომ მარტო ერთი რომელიმე ადგილი მოეცვა, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მისი განკურნება, მაგრამ მან დაიპყრო მთელი ქვეყანა. ყოველი ადამიანი დაემონა ცოდვას, ყოველივე დაპყრობილ იქნა ბოროტების მიერ. წინასწარმეტყველი იერემია ამბობს ერთგან: „ვკურნე ბაბილონსა და არა განიკურნა“ (იერ. 51, 9) ე.ი. ბაბილონს, ანუ ქვეყანას ყველაფერი გავუკეთე, მაგრამ ვერ განიკურნა, რადგან არ შეინანა და არ დაუტევა უკეთურება. და როგორც წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: „..ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა“ (ფს. 106, 18). ე.ი. ყოველი ქვეყნიური სიკეთე იგემა კაცმა, ყოველი ქვეყნიური სიამე მოიძაგა და ერთიღა – სრული დაღუპვა და სიკვდილიღა დარჩენოდათო.

აი, სწორედ, კაცობირობის ხსნისათვის უმნიშვნელოვანეს დროს, სახიერმა და კაცთმოყვარე უფალმა ქვეყნად მოავლინა მხოლოდშობილი ძე თვისი – იესო ქრისტე, რადგან მხოლოდ ღმერთს შეეძლო სრული განკურნება საქვეყნო სენისა, მხოლოდ მას შეეძლო აღდგენა დაცემული ადამიანისა. იშვა მაცხოვარი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოხდა სასწაული ენით გამოუთქმელი: ჩვენთვის დაიმდაბლა ღმერთმა თავი, მიიღო სახე მოკვდავი ადამიანის, რათა როგორც წმ. გრიგორი ღვთისმეტყველი ბრძანებს – მსგავსითა განეკურნა მსგავსი, სულითა – სული, ხორცითა – ხორცი. იესო ქრისტემ ცოდვის გარდა ყოველმხრივ ადამიანის ბუნება მიიღო. მან მიიღო არსება ჩვენი. იგი იქმნა განახლებული ადამი, რომელმაც განწმინდა და განაახლა ბუნება დაცემული ადამიანისა. კაცი გაათავისუფლა ცოდვის მონობისაგან და შემუსრა სიკვდილი.

ბოროტის მარწუხებისგან ადამიანის გათავისუფლება იყო „ძლევაჲ საკვირველი“, რადგან სცოდავდნენ და ემონებოდნენ ბოროტს ისინიც კი, რომელთაც არ უნდოდათ შეცოდება, როგორც ამბობს ამაზე წმიდა პავლე მოციქული: „რამეთუ არა რომელი იგი მე მნებავს კეთილი მას ვყოფ, არამედ რომელი იგი არა მნებავს ბოროტი მას ვიქმ (რომ. 7, 19).

ახლა კი, საყვარელნო, ბოროტება დათრგუნულია ქრისტეს წყალობით. თვითონ ცრუ კაცი თუ არ მიიდრიკა ცოდვისადმი, თვითონ ადამიანი თუ არ დაემონა ბოროტს, ამ უკანასკნელს აღარ შეუძლია დაიმონოს ადამიანი. თვით სიკვდილიც კი აღარაა საშინელი დღეს ქრისტე მაცხოვრის წყალობით, რადგან იგი შემუსვრილია და დათრგუნვილი. იესო ქრისტეს მიერ განგვემზადა ჩვენ მოკვდავთ ზეციური სასუფეველი.

ამიტომ უნდა ვისმინოთ საყვარელნო სანატრელი ხმა მაცხოვრისა იესო ქრისტესი და მხოლოდ მას ვმორჩილებდეთ. დავიმარხოთ მისი მცნებები და კეთილად აღვასრულოთ ცხოვრებაში, რათა მოვიპოვოთ გამართლება უფლის მიერი, რომლისა არს დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

1984 წ. სვეტიცხოველი

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): „უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე…“ (ფს. 37)
უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე“ – ამბობს წინასწარმეტყველი დავითი თავის ფსალმუნში. აღნიშნული სიტყვები ფსალმუნთ მგალობელისა მინდა გავიმეორო მეც, რადგანაც ვიცი, რომ ვერ გავექცევი საშინელ სამსჯავროს ზეციურ ანგელოზთა და ძალთა მიერ შემდგარს, რომელზედაც განცხადდება ყოველგვარი ცოდვანი და ქვეყნიური სისუსტენი ჩვენნი.

ჰოი მოწყალეო ღმერთო! ვიცი, რომ ცოდვანი ჩემნი პატიებას შენსას აღემატება, მე ხომ ყველაზე მეტად განგარისხე შენ და უმეტესად ცოდვებში გავატარე ცხოვრება ჩემი. მეზვერეზე მეტად შევაგინე სული და ქანანელზე უფრო დავიმძიმე სხეული. ამიტომ, შემცდარი და დაცემული გიღაღადებ, უფალო შემიწყალე მე ცოდვილი. მე, რომელმაც შენი წმიდა სახელი განვარისხე, რომელმაც სული შენგან მოცემული შევაწუხე და მცნებანი არ აღვასრულე, ნიჭი და სიმდიდრე შენი მოვიძულე.

ყოველი მონაგები ჩემი ცოდვებში დავხარჯე. სული, შენს ხატად შექმნილი, შევაგინე, გვამი კი – სამკვიდრებელი სულისა, ათასგვარი უკეთურებით დავისახიჩრე. წლები და დღენი შენს სადიდებლად რომ მომეც, ცოდვებში განვლიე. პირი, შენ რომ განმინათლე – ვარცხვინე, ბაგენი ჩემნი, შენ რომ განსწმიდნე, უკეთურებით შევაგინე. თვალნი ჩემნი, ღვთიური ნათლით რომ განმინათლე, ცოდვით დავაბნელე. ვიცი უფალო და არ უარვყოფ, რომ მომიწევს საშინელ სამსჯავროზე წარდგომა და მხილება. ვიცი უფალო, რომ მას ვერსად გავექცევი, რადგან სინდისს საკუთარს ვერ დავემალები. ამიტომ, ვიდრე დაჰკრავდეს განკითხვის ჟამი, ვიდრე ზეციური ანგელოზის ხმა აუწყებდეს ქვეყანის მკვიდრთ უზენაესი მსაჯულის ქვეყნად მობრძანებას, მუხლმოდრეკით გევედრები უფალო, ნუ გულისწყრომით მამხილებ მე.

მოწყალე უფალო! შენ ჭეშმარიტად უწყი ყოველი ჩემი ცოდვა დაფარული. შენ იცი ბოროტი ზრახვანი ჩემი, უწყი შინაგანი ვნებანი და მდაბალი გრძნობანი ჩემი – სულისა და სხეულის დამაბნელებელნი და წარმწყმდელნი. ნუ მამხილებ და ნუ მარცხვენ უფალო ანგელოზთა და კაცთა წინაშე, ნუ გამხდი იმათ საკიცხველსა და საყვედრელს. ნუ, სახიერო, გულისწყრომით ნუ მამხილებ. მე ქვეყანის მკვიდრთა მხილებაც მაშინებს და ყველას დამბადებლის რისხვას როგორ მოვერევი?

ვიცი, უფალო, რამეთუ ღირსი ვარ ტანჯვისა და გვემის, მაგრამ მაინცა გთხოვ რისხვით ნუ მსწავლი. ვიცი უფალო, რომ ავაზაკი გევედრებოდა შენ შენდობისათვის და სამოთხე მიანიჭე. მეძავი შეგივრდა მთელი გულით და მიტევება მიმადლე. მეზვერე მიხვდა თავის ცოდვებს, შეინანა და ცოდვათაგან განათავისუფლე. მე არა ვარ იმათი მსგავსი, არც ცრემლი მაქვს მხურვალე და არც სინანული გულწრფელი, არც სიგლახაკე და არც მოწყალება და სიყვარული.

რა ვქნა, როგორ გავკადნიერდე და ვითხოვო შენგან მოტევება აურაცხელი? რამდენგზის აღგითქვი უფალო სინანული და ვერ შევასრულე, რამდენჯერ შეგივრდი შენს წმიდა ტაძარში, გამოვედი და ისევ ცოდვისაკენ მივიქეცი. ბევრჯერ ისმინე ლოცვა ჩემი და მე მაინც შეურაცხვყავ წყალობა შენი. ბევრჯერ მაპატიე ცოდვები მომაკვდინებელი, მე კი კვლავ განგარისხე მოწყალე და კაცთმოყვარე უფალი. ბევრჯერ მომიწოდე სინანულად და მე არ მოვიქეცი. რამდენჯერ დავეცი ცოდვით დამძიმებული, შენ კი სახიერი და ნუგეშინისმცემელი მაყენებდი დაცემულს და მეუბნებოდი: აღსდეგ ძეო ჩემო და მოიქეც ჩემსკენ, მომეახლე, რომ ჩემს მიერ დაბადებული აღგამაღლო ბოროტისაგან ძლეული.

ამიტომ, სახიერო, რადგან მიუწვდომელია შენი მოწყალება და კაცთმოყვარება, გევედრები, ნუ მამხელ გულისწყრომით და ნუ სწავლი რისხვით, არამედ ისევ და ისევ სულგრძელ მექმენ მე. ნუ გამიყვან ამ წუთისოფლიდან მოუნანიებელს, ნუ მომკვეთ უფალო, როგორც უნაყოფო ხეს, არამედ მომანიჭე სინანული გულწრფელი და ცრემლი ცოდვათა განმბანელი. ნუ გამიყვან ამ ქვეყნიდან ცარიელი ხელით, ნუ განმაშორებ შესაძლებლობას კეთილ საქმეთა შესრულების. ისევ სულგრძელება გამოიჩინე ღმერთო ჩემზე და წყალობით შემიწყალე მე მდაბალი და სუსტი, ზევით ახედვასაც რომ ვერა ვბედავ ბოროტებით დამძიმებული.

ამოიწურა ძალა ჩემი და გაილია დღენი ჩემი ცხოვრებისანი. ვხედავ, რომ მოახლოებულ არს დასასრული, ამიტომ გევედრები: გამიღე უფალო კარი შენი სასუფევლის, შემაშველე ხელი, რომ აღმომიყვანო ცოდვის მორევში ჩაფლული. ჩემი ძვალნიც კი შერყეულ და გამოფიტულ არიან და ზეაღდგომა მიჭირს. ვეღარც მკურნალის მოძიების თავი მაქვს, მტერსაც ვეღარ ვუმკლავდები. შენ თუ ამიყვან ხელში, მიპატრონებ და მომეფერები.

მოიხსენე უფალო, რომ შენს წინაშე ვერ გამართლდება ძე ხორციელი, თუნდაც ერთი დღე ჰქონდეს ქვეყნად გატარებული. მოხსენე უფალო, რომ ანგელოზთა გუნდნიც არარანი არიან შენი სიწმიდის წინაშე. ამისთვის გევედრები, მაცხოვნე მე, უფალო, უღირსი მონა და მსახური შენი, რადგან თუ მართალ და წმიდა ადამიანს შეიწყნარებ, არ არის საქმე დიდი, არამედ ჩემისთანა სუსტსა და მდაბალზე აჩვენე სიმრავლე შენი წყალობის. მკურნალი ხომ მაშინ იქება, როცა სასიკვდილოდ განწირულს განკურნებს. მეფე იდიდება, რომელიც სიკვდილის თანამდებს შეუნდობს და სახიერი და ყოვლად კეთილიც იგია, რომელიც შეცოდებულს მიტევებას მიანიჭებს. შენ იცი, უფალო, უძლურება ჩემი ბუნების, რადგან დამბადებელი ხარ ჩვენი. ამიტომ მაცხოვნე შენი წყალობით. ნუ სძლევს, უფალო, ბოროტება სახიერებას შენსას. მაცხოვნე ისე, როგორც აცხოვნე მრავალი შენს მიერ დაბადებული.

1987 წ. სამთავრო

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): უყურადღებო ლოცვაზე
მოგეხსენებათ, ძმანო, ხშირად ჩვენი ლოცვა-ვედრება ღვთისადმი აღვლენილი, არ გვისრულდება, თითქოს უფალი მათ უყურადღებოდ ტოვებდეს, რაც უკმაყოფილო გრძნობას ბადებს ჩვენში. იმისათვის, რომ ავხსნათ ზემოაღნიშნულის მიზეზი, მივმართოთ დიდ საეკლესიო მამასა და მასწავლებელს წმ. იოანე ოქროპირს, რომელიც ერთგან წერს: „ბევრი მოდის ეკლესიაში, წარმოთქვამს და გალობს უამრავ ლოცვასა და საგალობელს და ტაძრიდან გადის ისე, რომ არც კი იცის, რას კითხულობდა ან რას გალობდა. ბაგენი მისნი მოძრაობდნენ, სმენით კი არაფერი ესმოდა, თვალნი მისნი თითქოს იხედებოდნენ, დასანახი კი მაინც ვერ დაინახა; ყურნი ისმენდნენ ღვთის სიტყვას, გასაგონი კი მაინც ვერ გაიგონა. ჰოი კაცო, შენ თვითონ არ გესმის შენი ლოცვისა და გალობისა და როგორ გინდა, რომ ღმერთმა მოგისმინოს და გაგიგოს? შენ, ძმაო, თავს ხრიდი უწმიდესი ხატის წინაშე, გონება კი სხვაგან გაგირბოდა, სხეული შენი ტაძარში იყო, აზრები კი შორს, ძალზე შორს იყვნენ ტაძრიდან. ბაგენი შენი წარმოთქვამდნენ ღვთის სიტყვას, გონებით კი ქვეყნიური საქმეებით იყავი გართული“.

აბა მითხარი ძმაო, ასეთ უგულო, უსიცოცხლო თხოვნა-ვედრებას შენსას, როგორ შეისმენს უფალი ღმერთი. მართალია, უფალმა შენზე უკეთ იცის შენი სათხოვარი, უფალმა იცის თუ რა გიჭირს და რა გილხინს, მაგრამ მას სურს, რომ კაცი თვითონ ამაღლდეს ღვთისადმი. უფალს სურს ადამიანის სულიერი ზრდა-განვითარება, რაც მხოლოდ გულწრფელი და მხურვალე ლოცვით ხდება. ბოროტმა ძალამ კი იცის, რომ ლოცვით ჩვენ დიდ წარმატებებს ვაღწევთ სულის საქმეში, ამიტომაც ის ყოველნაირად ცდილობს მოსწყვიტოს კაცი მას. ჩვენ ხშირად ვართ მშვიდად, დაწყნარებულნი, თავს კარგად ვგრძნობთ, თითქოს არც ცუდი ფიქრი და აზრი გვაწუხებს, მაგრამ საკმარისია მოვისურვოთ ლოცვა და კიდეც დავიწყოთ მისი შესრულება, რომ მაშინვე გაგვიჩნდება ათასი უგვანო ფიქრი და საზრუნავი. ლოცვა შეიძლება კიდეც შევასრულოთ, მაგრამ ჩვენ თვითონ მივხვდებით, რომ ჩვენს მიერ უაზროდ და უგულოდ წარმოთქმულ თხოვნა-ვედრებას არ ისმენს ღმერთი, რადგან ის თვითონ ჩვენ არ გვესმის. როგორც ვხედავთ, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ზოგჯერ უფალი არ ისმენს ჩვენსას, ყოფილა ჩვენივე უყურადღებობა და გულგრილობა.

ლოცვა ძმანო დიდი საიდუმლოა. ლოცვისას ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ვის ვუხმობთ და რას ვთხოვთ. ცისა და ქვეყნის შემოქმედ ღმერთს, რომელსაც უმაღლესი ანგელოსნიც კი ძრწოლით ემსახურებიან, შიშითა და კრძალვით უნდა მივმართოთ. არ უნდა მოვითხოვოთ ღვთისაგან იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდება. ხომ შეიძლება, რომ მომეტებულმა წყალობამ ზიანი მოგვიტანოს და საერთოდ შეგვწვას კიდეც. ღმერთმა ყოველივე კეთილად უწყის, ამიტომ ყველას იმას გვაძლევს, რისი ღირსნიცა ვართ. გახსოვდეს, ძმაო, რომ ამ ცისქვეშეთში უღვთოდ არაფერი ხდება, თვით სასჯელიცა და დაბრკოლებაც ღვთისაგან გვეძლევა ჩვენს სასიკეთოდ, რადგან მისგან, როგორც უმაღლესი სიკეთისაგან გამომავალი მხოლოდ სიკეთე შეიძლება იყოს. ამაში დასარწმუნებლად გავიხსენოთ ებრაელთა დიდი წინასწარმეტყველის – ეზეკიელის ჩვენება: ურიათა ბაბილონელთა ტყვეობაში ყოფნის დროს ეზეკიელს მდინარე ქობარის ნაპირზე უფალმა უჩვენა დიდება თვისი. ზეციურ ტახტზე მჯდომარე მეუფე დიდებისამ გამოუცხადა მას, რომ უფალი მას აგზავნიდა ებრაელებთან – ურჩ ხალხთან, რათა შეესმინათ ღვთის სიტყვა და შეენანებინათ. ღმერთმა მოსთხოვა ეზეკიელს შეეჭამა, რასაც მას მისცემდა. ეზეკიელმა დაინახა თავის წინ შეხვეული გრაგნილი, რომელზეც ეწერა შემდეგი სიტყვები: გოდება, ოხვრა და მწუხარება. ეზეკიელმა შეჭამა ეს მწარე გრაგნილი და იგრძნო პირში ისეთი საამო სიტკბო, როგორც თაფლისა. მაშინ წინასწარმეტყველი ეზეკიელი მიხვდა იმას, რომ ყოველივე ცაში და ქვეყანაზე კეთდება ისე, როგორც ღმერთს ნებავს, რომ მწარე სასჯელიც კი ღვთისაგან კაცთათვის განმზადებული, როგორიცაა გოდება, ოხვრა და მწუხარება, ისეთივე ტკბილია, როგორც თაფლი.

წმ. მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: „ყოველსა შინ ვიჭირვით, არამედ არა იწროება გვიჩნს. წარღათუ-წირულ-ვართ არამედ არა განწირულება გვიჩნს. დევნულღა თუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; დაღათუ ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ“. აი ასე უყურებდნენ წმ. მოციქულნი მწუხარებასა და განსაცდელს, რომელსაც ისინი განიცდიდნენ ქრისტიანული მოძღვრების გავრცელებისას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოციქულნი ხშირად იგდებდნენ თავს განსაცდელსა და ხიფათში, სიღარიბესა და იწროებაში, ისინი არა თუ მწუხარებასა და სასოწარკვეთას ეძლეოდნენ, არამედ მაცხოვრისადმი უდიდესი სიყვარულით აღვსილნი იხარებდნენ და ყოველივეს სიმშვიდით ითმენდნენ.

ჩვენც, ძმანო, სიმშვიდითა და მადლობით უნდა დავითმინოთ განსაცდელი, ყოველთვის უნდა გვწამდეს ღვთის მოწყალებისა. ნუ გამოვიჩენთ სულმოკლეობას, არამედ მოუკლებელად ვევედროთ, რათა დაგვიფაროს ბოროტებისაგან და ღირსნი გაგვხადოს საუკუნო სიხარულისა, რომელიც მართალთათვისაა განზადებული უფლის მიერ, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

1984 წ. სვეტიცხოველი

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მთ. 5, 48)
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

გვინდა მცირეოდენი სულის სასარგებლო დარიგებანი მივცეთ იმათ, რომელნიც საჭიროებენ ქრისტიანულ რწმენაში განმტკიცებას. განსაკუთრებით გვინდა ნუგეში ვცეთ ქრისტეს ახალ მიმდევართ, დიდი სიყვარულითა და მონდომებით რომ შეუდგნენ მაცხოვრის გზას, მაგრამ მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ სულის ცხოვნების გზაზე წარმოქმნილ წინააღმდეგობათა გადასალახავად. ჩვენ გვინდა ძმური დახმარების ხელი გავუწოდოთ იმათ, რომელთაც გარკვეული სულიერი გამოცდილების ნაკლებობისა გამო დაუფლებიათ უხალისო, სევდიანი განწყობილება. გვინდა ყოველი ადამიანის გულში შევიტანოთ სითბო და ქრისტე მაცხოვრის დიდი სასოება.

საყვარელნო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე წმიდა სახარებაში მოციქულებს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაითა თქუენ წარხვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს სავსებით“ (ინ. 15, 16). როგორც ჩანს, ღვთის მიერ ხდება გამორჩევა კაცისა და არა ადამიანისაგან ღვთისა. რისთვის ეძიებს ღმერთი ადამიანს? იმისათვის, რომ დაუბრუნოს მას დაკარგული სიხარული და ბედნიერება, მარადიული ნეტარი ცხოვრება. სურს ღმერთს ადამიანის ჭეშმარიტებაზე მოქცევა და ამ მიზნით უქმნის მას სინანულის განწყობას. ხშირად კაცი თვითონაც ვერ ხსნის რატომ ეძალება მას სევდა, რატომ ეტირება სრულიად მრთელსა და ჯანსაღს. დიდხანს ვერ ხვდება ადამიანი საიდან მოდის სულის მწუხარება, ან საითკენ უბიძგებს იგი მას. ასეთი გაურკვეველ წუხილსა და სევდაში რაღაც იდუმალი სიხარულიც აკითხავს კაცს და ნელ-ნელა ჩაესმის ძვირფასი და სანუკვარი ხმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსუვენებაჲ სულთა თქუენთაჲ“ (მათ. 11, 28-29). ადამიანს ჩაესმის სანატრელი ხმა იესო მაცხოვრისა და ენით აუწერელი სიხარული ავსებს მას. ერთიღა რჩება კაცს – მაშინვე დაუტეოს ცხოვრება წარმავალი და ფუჭი და შეუდგეს ქრისტე მაცხოვარს. ადამიანის ასეთი გადაწყვეტილება დიდად ახარებს უფალს, როგორც მოწყალე მამას. ხარობს ზეცა გზასაცდენილის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას. ჯილდოდ ამისა ღმერთი კაცს უგზავნის კიდევ უფრო მეტ წყალობას – სიხარულის ცრემლსა და სურვილს ამ სიხარულის სამუდამოდ გულში დამკვიდრებისა. და აი, ეწაფება კაცი ღვთის სიტყვას, რომ უფრო მეტად განცხადდეს მისთვის ღვთაებრივი ჭეშმარიტება. ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, ლოცვასა და მარხვას. დასაწყისში თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, ადამიანი გრძნობს შინაგან სულიერ სიმშვიდესა და კმაყოფილებას. მაგრამ ფარული ვნებანი და ქვეყნიური მიდრეკილებანი მალე ახსენებს მას თავს. ღვთის სიტყვის მოსმენით კაცი კი განეშორა ამაო ფიქრს და საზრუნავს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. შინაგანად იგი ჯერ კიდევ რჩება ქვეყნიურის მონად. საჭიროა ვნებათაგან თავის გათავისუფლება, საჭიროა მოშორება მიწიერი სამოსისა და შემოსვა ზეციურისა. ასე, რომ ადამიანი ღვთის სიტყვის მოსმენისთანავე როდი ხდება ვარგისი უფლის მცნებათა შესასრულებლად. ამას წინ უძღვის მძიმე გზა სულისა და სხეულის გარდაქმნისა. აი აქ უნდა დაიწყოს ქრისტეს მიმდევრის ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება – ბრძოლა ბოროტებასთან, ბოროტ ვნებასა და გულისთქმასთან, მოუთმენლობასა და ყოველი ბოროტების სათავე ამპარტავნებასთან. ადამიანი უცხადებს ბრძოლას საკუთარ თავს, საკუთარ შებღალულ ნებას.

აღნიშნული ბრძოლა და წინააღმდეგობა ხშირად აკრთობს და აშინებს კაცს. ღმერთთან პირველი სიხალოვით გამოწვეული საკვირველი სითბო და სიხარული ადამიანში ნელდება და მის ნაცვლად სიცივე და შიში მკვიდრდება. იქმნება მცდარი წარმოდგენა უკვე განცდილი ზეციური სიხარულის დაკარგვისა და რწმენაში გაციებისა, რასაც ხშირად თან ახლავს სარწმუნოებრივი გაგრილება და უკმაყოფილება. ადამიანი ეძიებს  მიზეზს მისი სულის მდგომარეობის ასეთი მკვეთრი ცვლილებისა და ვერ უპოვია, რადგან იგი ჩვეულებრივი მოვლენაა სულის განვითარებისას. აი აქ სჭირდება ქრისტეს გზაზე შედგომილ კაცს მოთმინება და დიდი გონიერება, რათა არ გამოიჩინოს სულმოკლეობა და იძლიოს ბოროტისაგან.

რაც უფრო მეტად მოიცავს ადამიანის სულს სიცივე სარწმუნოებრივი და აქედან გამომდინარე გულგრილობა, მით უფრო უნდა უმატოს ლოცვასა და მარხვას. კაცს ხშირად ახსენდება ის ენით აუწერელი მდგომარეობა, ღვთის გზაზე შედგომისას რომ მიანიჭა ღმერთმა, ამის გახსენებამ არ უნდა დაბადოს მასში ღვთიური მადლის დაკარგვით გამოწვეული წუხილი და სევდა. პირიქით, სწორედ ამან უნდა დაანახოს კაცს საკუთარი უმწეობა და ღვთის დახმარების აუცილებლობა. ასეთ მდგომარეობაში მყოფთ ჩვენ ვურჩევთ იესო მაცხოვრის მეტ იმედსა და სასოებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამორჩევა ადამიანისა ღვთით ხდება და ცხადია უფალი უნუგეშოდ არ დატოვებს მისკენ მიმავალს.

ამასთან დაკავშირებით გვინდა გავიხსენოთ სწავლა-დარიგება დიდი საეკლესიო მამის – მაკარი მეგვიპტელისა, რომლის მიხედვითაც სულიერი მოღვაწეობის დაწყებისას ადამიანი ემსგავსება ჩვილ ბავშვს, რომელსაც ფეხის ასადგმელად სჭირდება მშობლის დახმარება, – ხელის შეშველება. მშობლის დახმარებით ჩვილი პირველ გაუბედავ ნაბიჯებს დგამს. რაკი ერთხელ იგემებს ბავშვი სიხარულს ფეხის ადგმისას, უჩნდება სურვილი მეტი დამოუკიდებელი მოძრაობისა. ცდილობს კიდეც ამას, მაგრამ უფროსთა თანადგომის გარეშე ვერ ახერხებს, ძირს ეცემა და ზოგჯერ დაცემით განიცდის დიდ ტკივილებსაც. ამიტომ მშობელი დრომდე არ შორდება ბავშვს. მაგრამ როგორც კი შვილი წამოიზრდება და მოღონიერდება, მშობელი ნელა იწყებს ხელის შეშვებას, რომ მიაჩვიოს დამოუკიდებელ მოძრაობას. ბავშვს დასაწყისში აშინებს სიშორე მშობლისაგან, განსაკუთრებით განიცდის ამას ძირს დაცემისას და სხეულის დაშავებისას. მშობელმაც იცის, რომ მტკივნეულია შვილის ყოველი წაბორძიკება და დაცემა, მაგრამ ხელს მაინც უშვებს პატარას, რითაც უწყობს ხელს მის განვითარებას. აბა წარმოიდგინეთ მშობელს შვილი სულ ხელით ეტარებინა, სიარულს პატარა ხომ ვერ ისწავლიდა? ამ დროს თვით წაბორძიკება და დაცემაც უწყობს ხელს მოზარდში წონასწარობისა და სიფრთხილის გამომუშავებას.

აღნიშნული სწავლა წმიდა მამისა სავსებით შეესაბამება ადამიანის სულიერ ზრდა-განვითარებასაც. შეიძლება ასაკით კაცი იყოს დიდი, სულიერად კი პატარა, ჯერ განუვითარებელი, როგორც ჩვილი ბავშვი. ახალი, სულიერი ცხოვრებისათვის ადამიანი იბადება ქრისტიანული ნათლისღებისას. მას შემდეგ იზრდება და ვითარდება კაცი ისე, როგორც დედის მზრუნველობით პატარა ბავშვი. ეკლესია ქრისტესი დედაა ყოველი მორწმუნე ადამიანისა. იგი გვზრდის უკვდავი ცხოვრების მომპოვებელი სულიერი საზრდოთი. დასაწყისში, ვიდრე ჩვენ სულიერად ვართ პატარები, უხვად გვკვებავს, შემდეგ კი როცა წამოვიზრდებით, როცა ვისწავლით გარჩევას კეთილისა და ბოროტისას, როცა შევიძენთ საჭირო ძალასა და უნარს ქვეყნიურ წინააღმდეგობათა გადალახვისას, ჩვენ თვითონა გვთხოვს შრომითა და გარჯით მოპოვებას სულისათვის საჭირო საზრდელისა. ამიტომ არის, რომ სულიერი ცხოვრების დასაწყისში, ჩვენში იგრძნობა მეტი ღვთიური მადლი, მეტი მონდომება და სიყვარული, ვიდრე შემდეგ, როცა შევდივართ რწმენაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, ძმანო, რომ ჩვენი ეკლესიაში მოწოდება ხდება არა უკვე არსებული სიმშვიდისა და ნეტარების მისაღებად, არამედ შრომითა და გარჯით მის მოსაპოვებლად და ამ მიზნით ბოროტებასთან შესაბრძოლებლად. ქრისტიანის გზა სხვა არაფერია, თუ არა დაუსრულებელი ბრძოლა ბოროტ ძალებთან. ამიტომაც უწოდებენ წმ. მამანი ქვეყნიურ ეკლესიას მებრძოლს, ზეციურს კი მოზეიმეს, გამარჯვებულ ეკლესიას.

საყვარელნო, ჩემი პატარა საუბარი მინდა დავასრულო წმიდა მოციქულ პავლეს საერთო მოწოდებით: „მღვიძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მხნე იყვენით და განძლიერდით“ (1 კორ. 16, 13).

„მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამინ“ (რომ. 16, 24).

1986 წ. სვეტიცხოველი

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): უძღები შვილის კვირა
დღევანდელ სახარებაში, ძმანო, მოთხრობილი იყო იგავი უძღები შვილის შესახებ, რაც ბევრ სასიკეთოს გვასწავლის ჩვენ – მართლმორწმუნე ქრისტიანებს.

ერთ პატიოსან და მდიდარ კაცს ჰყავდა ორი ვაჟი, რომლებიც სიყვარულითა და სიამტკბილობით ცხოვრობდნენ მშობელი მამის სამყოფელში. გავიდა ხანი და უმცროსმა შვილმა მოსთხოვა მამას თავისი კუთვნილი წილი მთელი მათი სამკვიდრებელიდან, რათა გასულიყო ცალკე და ეცხოვრა ისე, როგორც მას მოესურვებოდა. მამამ გამოუყო მას ქონების დიდი ნაწილი. შვილმა თავისი კუთვნილი ქონებით დატოვა სახლი და წავიდა შორეულ მხარეს. იქ მან იწყო არაწმინდა და უწესო ცხოვრება და მოკლე დროში განაბნია ყოველი ქონება თვისი. ისე გაღარიბდა და გაღატაკდა, რომ შიმშილისგან თავის დასაღწევად ერთ შეძლებულ კაცს დაუდგა მოჯამაგირედ, ღორების მომვლელად და საზრდოობდა იმ უვარგისი საკვებით, რომლითაც ღორებს კვებავდნენ. ბოლოს, როდესაც ძალზე მძიმე დღეში ჩავარდა, მოვიდა გონს, ჩაუფიქრდა თავის მდგომარეობას, მიხვდა სადამდე მიიყვანა იგი უწესო ცხოვრებამ და უთხრა თავის თავს: „რამდენი მოჯამაგირე ჰყავს მამაჩემს, რომელთაგან საჭმელი არავის აკლია, მე კი აქ შიმშილით ვკვდები; მოდი წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: „მამაო, ვცოდე როგორც ღვთის წინაშე, ისე შენთან; მე შენი შვილად წოდების ღირსიც კი აღარ ვარ, ამიტომ გთხოვ მიმიღო, როგორც ერთი მსახურთაგანი შენი“. მართლაც მიატოვა ის ადგილი და მამის სახლისკენ გასწია. სახლთან მიახლოებული არც კი იყო, რომ მამამისმა შეიტყო მისი დაბრუნება, გახარებული გამოეგება, მოეხვია და გულში ჩაიკრა იგი. შვილმა კი მდაბლად მოახსენა: „მამაჩემო, ვცოდე როგორც ღვთის წინაშე, ისე შენთან. მე შენი შვილად წოდების ღირსი აღარ ვარ“. შვილის დაბრუნებით დიდად გახარებულმა მამამ უბრძანა მოსამსახურეებს, რომ შეემოსათ იგი ახალი სამოსლით და ძვირფასი ბეჭედიც გაეკეთებინათ მისთვის. შემდეგ დაუკლა ზვარაკი, მოიპატიჟა ახლობლები და დიდი ლხინი გამართა. იმ დროს უფროსი ვაჟი სახლში არ იმყოფებოდა. როცა დაბრუნდა და იხილა დიდი მხიარულება საკუთარ სახლში, ჰკითხა ერთ მოსამსახურეს მიზეზი და როდესაც შეიტყო, რაშიც იყო საქმე, გაწყრა და სახლში აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამა და სთხოვა შესვლა ლხინში, ხოლო მან უპასუხა: „მე ყოველთვის შენთან ვიყავი, კეთილად გემსახურებოდი და ერთხელ არ მოგიცია ერთი თიკანიც კი, რომ ჩემს მეგობრებთან მომელხინა, ხოლო ჩემს ძმას, რომელმაც მთელი შენი ქონების ნახევარი უწესო ხალხს შეაჭამა, ზვარაკი დაუკალი და ლხინი გადაუხადე“. მამამ უპასუხა შვილს: „შვილო შენ მუდამ ჩემთან ხარ და ჩემი ყოველი შენი არის; ახლა კი გვმართებს მხიარულება და სიხარული, რადგან ძმა შენი დაგვიბრუნდა, დაღუპული იყო და აღდგა მკვდრეთით“.

ახლა, ძმანო, შევეცადოთ ავხსნათ ზემოაღნიშნული იგავი უძღები შვილისა. კაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა, გამოხატავს უფალ ღმერთს. უფროსი შვილი მართალ და ღვთისმოშიშ კაცს განასახიერებს, რომელიც მუდამ მამის სამყოფელშია და ასრულებს მის ნება-სურვილს. უმცროსი შვილი კი თავისი მოქმედებით გამოხატავს ცოდვილი და უღირსი ადამიანის ცხოვრებას. ასეთი ადამიანი, როგორც უძღები შვილი, მიიღებს რა ღვთისაგან საჭირო ნიჭსა და გონებას, სიკეთესა და სიმდიდრეს, განეშორება ზეციურ მამას და შორდება რა ამ უკანასკნელს, ვარდება უბედურებაში და ყოველივეს მიმისაგან მიცემულს – სულს, ხორცსა და სხვა სიკეთეს – ერთიანად ღუპავს. ღორების მსახურად დადგენა უმცროსი შვილისა, მოასწავებს უკიდურეს დაცემას და გადაგვარებას ცოდვილი ადამიანისას, რომელიც ისე დაემონება ცოდვას, რომ ემსგავსება უწმინდურ პირუტყვს. მაგრამ ბოლოს უძღები შვილი მოდის გონს, უფიქრდება თავის უმძიმეს მდგომარეობას, უწესო ცხოვრებით მოპოვებულს და მწარე სინანული ეუფლება მას. მართლაც, ძმანო, ცოდვა მხოლოდ იქამდე ბატონობს ადამიანზე, ვიდრე კაცს შეუძლია საკუთარი სინდისის ჩაკვლა, დამარცხება. ამაოა კაცის ცდა სინდისის სრული დავიწყებისა, რადგან ეს გრძნობა მას დაბადებიდანვე დაჰყვება უფლის მიერ. ამაოა ფიქრი იმისა, რომ ხორციელი ვნება და გართობა დააკმაყოფილებს მას და დაავიწყებს ღმერთს – სიწმინდესა და პატიოსნებას. ადრე თუ გვიან დგება ჟამი, როცა ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი სული კაცისა იგრძნობს მოწყენილობასა და მწუხარებას, სულიერ შიმშილს, რომელსაც ვერავითარი ქვეყნიური სიამოვნებით ვერ იკმაყოფილებს. მართალია, ზოგჯერ ხდება ისეც, რომ ცოდვა მცირე ხანს ამხიარულებს თითქოს კაცს, მაგრამ ძალზე მცირე ხანს, რის შემდეგაც ადამიანში ნაცვლად სიამოვნებისა, ტოვებს მწარე სინანულსა და სევდას. აქ მართებს გონიერება კაცს – მან უნდა გაახსენოს თავს ღვთის არსებობა, ღვთისა, რომელსაც შეუძლია შეიწყნაროს, უმკურნალოს და დაუბრუნოს დაკარგული სიმშვიდე და ნეტარება.

შენც ძმაო, თუ დღემდე ცოდვაში იყავი გარეული, დაუტევე იგი და მოიქეც უფლისადმი. იგი ყოველთვის მზადაა შენს მისაღებად. ნუ გეშინია, უფალი მოწყალეა, იგი მიგიღებს სიყვარულით, გულში ჩაგიკრავს და გიპატრონებს, შეგმოსავს ახალი სამოსელით, შეგაცვამს ძვირფას ბეჭედს, შერიგებისა და ღირსების ნიშნად, უფალიცა და ზეცის უსხეულნო ანგელოზნიც დიდად გაიხარებენ შენი მოქცევით ღვთისადმი.

რაც შეეხება უფროს ძმას, იგი გვაგონებს იმ ღვთისმოყვარე ქრისტიანს, რომელიც კეთილად ასრულებს ღვთის მცნებებს, მუდამ ღვთის სამსახურშია და ყველაფერს ითმენს მისი სიყვარულისათვის. მაგრამ ოდესღაც თავის გულში იფიქრებს: ღმერთო, მე მუდამ შენ გემსახურებოდი, ვიცავდი შენს მცნებებს, ნუგეში კი არ მოგიცია ჩემთვის. თუ ძმანო, ღვთისმოყვარე კაცს მართლაც გაუჩნდა ასეთი აზრი, მაშინვე უნდა გაიხსენოს მამის პასუხი: „შვილო შენ მარადის ჩემთან ხარ და ჩემი ყოველი შენი არის“. აი ნუგეში დიდი და სასურველი. ასე რომ, ძმანო, თუ ქვეყნიური ცხოვრებისას მოკლებული ხართ ნუგეშსა და დახმარებას ხილულს, იცოდეთ, რომ უფალი ღმერთი დიდ წყალობას გიმზადებთ, მარადიულსა და უხვს. ნუ აჩქარდებით, წარმავალ ქვეყნიურ სიკეთეს ყოველთვის ამჯობინეთ მარადიული, ზეციური სიხარული.

ესეც გახსოვდეთ, რომ ამქვეყნიური ცხოვრება უდიდესი წყალობაა ღვთისა, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად უაზროდ და უსარგებლოდ ვატარებთ ხოლმე. ადამიანი სიხარულისა და სიყვარულისთვისაა გაჩენილი და არა მწუხარებისთვის. ბედნიერი და გახარებული კი მაშინაა კაცი, როცა ღმერთთანაა ახლოს, რადგან ღმერთი თვითონაა სიხარულიცა და სიყვარულიც.

ამისთვის, ძმანო, ნუ განვეშორებით უფალს, მარადის ვმსახურებდეთ და ვმორჩილებდეთ მას და აღვასრულოთ მცნებანი მისნი, რომ მოვიპოვოთ საუკუნო სიხარული მართალთათვის განმზადებული უფლის მიერ, რომლისა არის სიმტკიცე და სუფევა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

1982 წ. სამთავრო

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): მეზვერისა და ფარისევლის კვირა
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!

დღეს უფლის ტაძარში კვლავ შედიან ცოდვილი მეზვერე და ფარისეველი. ტაძრის წინა ნაწილში ამაყად მდგომი ფარისეველი კვლავ იმეორებს ნაცნობ სიტყვებს: „გმადლობ შენ ღმერთო, რამეთუ არა ვარ როგორც სხვა, მტაცებელი და მემრუშე, როგორც მეზვერე. კვირაში ორგზის ვმარხულობ და მონაგებისაგან ვწირავ მეათედსო“. უკან მდგარი მეზვერე კი კვლავინდებურად ზევით ახედვასაც კი ვერ ბედავს თავისი ცოდვილი მდგომარეობის გამო, მკერდზე იცემს ხელს და თვალცრემლიანი ამბობს: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსაო. უფალი ისმენს ორივეს ვედრებას: ვედრებას იმ ადამიანისას, რომელიც გარეგნულად იცავს ღვთის მცნებას, მარხულობს ზომაზე მეტს და მეათედსაც სწირავს თავისი მონაგებისას შემოქმედს და ვედრებას ცოდვილი ხარკის ამკრეფისას, რომელსაც თავად კარგად შეუგნია თავისი უღირსი მდგომარეობა და შეწყალებას თხოულობს ღვთისაგან. ღმერთი ხედავს ორივეს გულს, შემუსვრილსა და დამდაბლებულ გულს მეზვერისას და სხვათა განმკითხველ, ქედმაღალ გულს ფარისეველისას. გულთამხილავი და პირუთვნელი მსაჯული ამართლებს ცოდვილ მეზვერეს, ფარისევლის ქედმაღლობას კი არ იწირავს. ფარისეველმა ტაძარში რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა, ცოდვილმა მეზვერემ კი სინანულის ცრემლით მოპოვებული მადლი ღვთისა შეიძინა. ჰოი, საკვირველი მართლმსაჯულება უზენაესისა! ყოველთა შემწყნარებელმა არ შეიწყნარა ის, რომელიც თითქოს, უნდა შეეწყნარებინა, კაცი ცოდვილი და მტაცებელი კი გაამართლა. უფალმა გაამართლა ცოდვილი, რადგან შეინანა. სხვათა განმკითხველი და დამამდაბლებელი ფარისეველი კი არ შეიწყნარა. ასე რომ, ტაძრიდან გამართლებული მეზვერე გამოვიდა.

ღვთის წინაშე გამართლდა ძალზე ცოდვილი კაცი, მაგრამ როგორ? რა გზით? როგორ და გულწრფელი სინანულით, რა გზით და თავის დამდაბლებით. აი რას გვასწავლის, ძმანო, მაცხოვარი ქვეყნისა, აი საითკენ მოგვიწოდებს ყველას წმიდა ეკლესია.

საყვარელნო ძმანო, ჩვენ, ამ წმიდა ტაძარში მდგომნი, უხილავად ვემსგავსებით იგავში მოხსენიებულ მეზვერესა და ფარისეველს. მეზვერეს უმეტესად ვემსგავსებით ცოდვებით, უწესო ცხოვრებით, ფარისეველს კი ქედმაღლობით და ფარისევლობით. ჩვენც, მეზვერის მსგავსად, ხშირად უსამართლოდ ვეკიდებით ადამიანებს, ვითხოვთ მათგან კუთვნილზე მეტ სითბოსა და სიყვარულს, ყურადღებასა და პატივისცემას, რითაც ვაყენებთ მათ ტკივილსა და მწუხარებას. ეს ვიცით ჩვენ და მაინც სხვას იმაზე მეტსა ვთხოვთ, ვიდრე ვიმსახურებთ. განა ჩვენ ამ უკანონო მოთხოვნებით იგივეს არ ვაკეთებთ, რასაც ცოდვილი მეზვერე? განა ჩვენ სხვათა გულის ტკენით არ ვტკენთ გულს ყველას შემოქმედ უფალ ღმერთს? ჩვენ ძმანო, ვემსგავსებით მეზვერეს ცოდვებითა და უსამართლობით, უნდა მივემსგავსოთ კი სინანულითა და თავის დამდაბლებით. რატომ გვავიწყდება ოქროს კანონი სახარებისა? „ყოველი რომელი გინდეს თქვენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეთცა თქვენ ჰყავთ მათდა მიმართ“ (მთ. 7, 12). ე.ი. რასაც სხვისგან მოითხოვ, ის უნდა მიაგო მასო. როგორც გინდა, რომ სხვები მოგექცნენ, ისე მოექეცი შენც მათო. გულს ძმაო, არ ატკენ სხვას, თუ შენ თვითონ იცი რა არის გულისტკენა. არ დაამდაბლებ სხვას, თუ წარმოგიდგენია შენი უსამართლო დამდაბლება და გაკიცხვა. ცილს არ დასწამებ სხვას, თუ ოდნავ მაინც წარმოიდგენ შენს თავს წამებულად.

თუ ეს ყოველივე იცი და მაინც სცოდავ – არ გეშინია ღვთისა? არ გეშინია უზენაესი წყრომისა, უსაშინლესი რისხვისა და უბედურებისა, თავს რომ შეიძლება დაგატყდეს ღვთისაგან? რატომ არ მოდიხარ გონს, რატომ შენც მეზვერესავით არ იცემ გულზე ხელს, არ აფრქვევ სინანულის ცრემლებს და არ გამოითხოვ შეწყალებას ღვთისაგან? რატომ არ ჩაუვარდები ფეხქვეშ შენს მიერ უსამართლოდ გაკიცხულთ და დამდაბლებულთ და არ სთხოვ პატიებას? არ იცი, რომ სტუმარნი ვართ ამ წუთისოფლისა და რაც კიდევ შეიძლება მოვასწროთ დღეს, ხვალ იქნებ გვიან იყოს? დაეშურე ძმაო სინანულს შენსას, რომ მოწყალე მამამ, რომელიც ცოდვილსა სწყალობს და დაცემულს აღადგინებს, შეგიწყალოს შენც და მეზვერესავით გაგამართლოს.

ფარისეველს, ძმანო, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვემსგავსებით, ვიდრე მეზვერეს: ფარისეველია კაცი ტაძარში სალოცავად შესული და სინამდვილეში არამლოცველი. ფარისეველია კაცი სიწმინდის მსახური და თავად სიწმინდეს დაშორებული. ფარისეველია კაცი ჭეშმარიტების მასწავლებელი და თავისი ცხოვრებით ჭეშმარიტების უარმყოფელი. ფარისეველია კაცი ვითომ პატიოსანი და სინამდვილეში ათასი სისაძაგლისა და ბოროტების მატარებელი. ფარისეველია კაცი სულიერ ცხოვრებას შეყენებული და სინამდვილეში კი ქვეყნიურ ამაოებას დამონებული. საბრალოა, ძმანო, კაცი, ვისი სახელიც აღემატება საქმეს მისას. ტაძარში მდგომი ფარისეველიც აღასრულებდა სჯულს, მარხულობდა და ღმერთს შესაწირავ ძღვენსაც სწირავდა, მაგრამ ამას აკეთებდა გარეგნულად, სხვათა მოსაჩვენებლად. მისი ლოცვა და მარხვა, მთელი მისი მოღვაწეობა არ წარმოადგენდა შინაგან მოთხოვნილებას. იგი იმიტომ კი არ მარხულობდა კვირაში ორგზის, რომ სული სთხოვდა ამას, ანდა მონაგებისაგან მეათედს იმიტომ კი არ სწირავდა ღმერთს, რომ ამით სულს ახარებდა, არამედ ამას იგი აკეთებდა სხვების დასანახად, რომ ხალხის თვალში ამაღლებულიყო და ღვთის მოშიში კაცის სახელი მოეპოვებინა. მოჩვენებითმა სიმაღლემ ფარისეველს ქედმაღლობა შესძინა, რამაც დასცა იგი, რადგან მოყვასი განიკითხა და დაამდაბლა. ასეთია ხვედრი ჭეშმარიტებას დაშორებული ადამიანისა. სჯულის მხოლოდ გარეგნულმა შესრულებამ არ შეიძლება სიკეთე მოუტანოს ადამიანის სულს. შინაგან სითბოსა და სიყვარულს მოკლებული სათნოება კაცისა ბრმაა და ზიანის მომტანი. სწორედ ამ სიბრმავემ გაამეტებინა ურიებს ძე ღვთისა – იესო მაცხოვარი.

ამიტომ საყვარელნო ძმანო, გლოცავთ და გევედრებით, განვეშოროთ სამარცხვინო სენს ფარისევლობისას და შევიძინოთ ჭეშმარიტი სიმდაბლე და სინანული მეზვერისა, რომ მივიღოთ გამართლება ღვთისგან, რომლისა არს დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

1983 წ. სამთავრო

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): ნათლისღება
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო! დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიზეიმეთ ქრისტეს შობის დიდებული დღესასწაული. მაშინ ჩვენ თანაზიარნი გავხდით ზეცისა და ქვეყნის დიდი სიხარულის: ურიცხვ ანგელოზებთან ერთად ვიგალობეთ მშვიდობისა და სიყვარულის საგალობელი „დიდება მაღალიანი“, რითაც ვადიდეთ მაღალი ღმერთი და მის მიერ შექმნილი სამყარო ადამიანითურთ. ებრაელ მწყემსებთან ერთად ჩვენც შევედით ბეთლემის ბაგაში და პატარა იესოს მოწიწებით ვეცით თაყვანი. რა უცხო, ჯერ განუცდელი სიხარული დამკვიდრდა მაშინ თითოეულ ჩვენთაგანში, როგორი დიდი ბედნიერების ღირსნი გავხდით უფლის წყალობით… ეს სიხარული ჯერაც არ განელებულა ჩვენში და აი უკვე ახალი საკვირველების მოწმენი ვხდებით.

დღეს, იესო ქრისტე 30 წლის ასაკში, მიდის წმიდა იოანე ნათლისმცემელთან, რათა მიიღოს მისგან ნათელი. საკვირველია ძმანო, როგორ შეიძლებოდა ღმერთის განათვლა ადამიანის მიერ? წმიდა იოანე ნათლისმცემელი ხომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო და გამოირჩეოდა მარტო მკაცრი, განდეგილური ცხოვრებით? მაცხოვრის ხალხში გამოჩენამდე 6 თვით ადრე იწყო მან ხალხის მონათვლა მდინარე იორდანეში. მაინც რა იყო ეს ნათლობა, ასეთი დიდი მონდომებით რომ ასრულებდა ნათლისმცემელი? ეს იყო ნათლობა სინანულის, ეს იყო ადამიანისათვის განწმენდის წესი. ღვთის განგებით წმ. იოანე ნათლისმცემელს ხალხი უნდა მოემზადებინა მაცხოვართან შეხვედრისათვის. ღმერთთან ვერ წარდგებოდა კაცი ცოდვილი და ჭუჭყიანი. სიწმინდეს ვერ მიეახლებოდა უწმინდური, ჭეშმარიტ სიკეთეს, რომელიც უნდა ექადაგა უფალს, ვერ გაიგებდა კაცი ცოდვით დამძიმებული. საჭირო იყო განწმენდა მისი, რაც უნდა მომხდარიყო სინანულით, ანუ ცოდვათა დატევებით. ამიტომაც იწყო თავისი ქვეყნიური მოღვაწეობა წმ. იოანე ნათლისმცემელმა სინანულზე ქადაგებით: „შეინანეთ, შეინანეთ, მოახლოვებულ არს სასუფეველი ცათა“, (მთ. 3, 2) – გაისმოდა ყველგან სიტყვები მისი. ხალხზე დიდად იმოქმედა ამან, რადგან დიდ წინასაწმეტყველად მიაჩნდათ ნათლისმცემელი, და ამიტომ მრავლად იწყეს მასთან მოსვლა, რათა ეღიარებინათ ცოდვები და შეესრულებინათ იოანესაგან წყლით განწმენდის წესი. ცოდვების აღიარების შემდგომ წმიდა იოანე მასთან მისულთ აყენებდა მდინარე იორდანეში და ბანდა წყლით. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მათ შეინანეს და განიბანეს ქვეყნიური ჭუჭყი. მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავდა იმას, რომ ისინი ამის შემდეგ იყვნენ ცოდვისაგან თავისუფალნი, უცოდველნი. იორდანის წყალს შეეძლო განებანა მხოლოდ გარეგანი ადამიანური ჭუჭყი, შინაგანის განსაწმენდად ის უძლური იყო. იორდანის წყალს არ შეეძლო განეწმინდა ადამიანის სული, რადგან თვითონ იყო განსაწმედი. სულის განწმენდა შესაძლებელი იყო მხოლოდ წმიდა სულით. წმიდა იოანე ნათვლისას აკი ეუბნებოდა ხალხს, რომ: „მე უკვე ნათელგცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერეს ჩემსა არს, რომელსა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელგცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (მთ. 3, 11).

და აი დადგა ის კურთხეული დღე, როცა მდინარე იორდანის ნაპირას გამოჩნდა იესო ქრისტე, რათა იოანესგან მიეღო ნათელი. ხალხმა არაფერი იცოდა ქრისტეზე, ის მათთვის იყო ჩვეულებრივი კაცი გალილეველი. იოანე კი სული წმიდის ჩაგონებით მაშინვე მიხვდა, რომ მის წინ იდგა განხორციელებული ღმერთი. შეკრთა, ძრწოლა დაეუფლა დიდი. „ეს არის ის, ვისთვისაც იყო ყოველი წინასწარმეტყველება დაწერილი. ეს არის ის, ვისაც უნდა მოეტანა ადამიანისათვის ცხოვრება დაუსრულებელი“. თავად სიწმიდე იდგა მის წინ. „თუ ასეა წმიდას რად უნდა განწმედა წყლით?“ – ამას ფიქრობდა გულში ნათლისმცემელი და ისღა მოახერხა ძრწოლით წარმოეთქვა შემდეგი სიტყვები: „მე მეკუთვნის შენ მიერ ნათლისღება და შენ ჩემდა მოხუალ?“ (მთ. 3, 14).

ხალხი დიდად იყო გაკვირვებული, ვერაფრით აეხსნათ ნათლისმცემლის ძრწოლის მიზეზი. ბოლოს იესომ შეახსენა იოანეს, რომ მან უნდა შეასრულოს ყოველივე, რაც მას ღვთისაგან აქვს დავალებული. წმიდა იოანე ნათლისმცემელს არ შეეძლო წარმოდგენა იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა მას, უბრალო კაცს, ღმერთკაცზე შეესრულებინა წყლით განწმედის წესი? ვერ ხვდებოდა ნათლისმცემელი იმასაც, თუ როგორ შეიძლებოდა მდინარეში განსაწმედად ჩამდგარიყო ის, ვისგანაც მოელოდნენ განწმედას ასობით ათასობით ადამიანები? მაგრამ ახლა განსჯის დრო აღარ იყო. მას უნდა გაეკეთებინა ის, რასაც მოითხოვდა მის წინაშე მდგომი მაცხოვარი. როგორც კი ქრისტე შევიდა წყალში, მოხდა საკვირველება დიდი. მდინარე თითქოს ვეღარ ეტეოდა თავის კალაპოტში და დაეუფლა ღელვა საკვირველი: აქედან ხელაპყრობილი – ნათლისმცემელი, იქით შეშფოთებული ხალხი, რომლებიც ჯერაც ვერ მიმხვდარიყვნენ, თუ რა ხდებოდა იმათ თვალწინ. და ბოლოს შემაძრწუნებელი ხმა მამა ღმერთისა ზეციდან, რომელმაც დაამოწმა, რომ იორდანეზე ინათლებოდა თვით ღმერთი. ამ დროს სული წმიდა გარდამოვიდა ზეცით და დაადგა იესო ქრისტეს მტრედის სახით. ახლა კი განცხადდა ღვთაებრიობა ნათელღებული იესო ქრისტესი.

ასე რომ, საყვარელნო, დღეს ქრისტემ იორდანეში იღო ნათელი და ამ ნათელმა განწმიდა და განანათლა წყალნი ქვეყანისანი. დღეს უბრალო წყალმა სული წმიდის მადლით მიიღო ბუნება სიწმიდისა და მარადიულობისა.

თავის დროზე საკვირველი ნათლისღება იესო ქრისტესი საჭირო იყო ადამიანთა განწმედისა და რწმენაში განმტკიცებისათვის. დღესაც იგივე მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის. დღეს ქრისტეს მიერ ისევე ეკურთხება წყალი მორწმუნეთათვის, დღეს კვლავ ხდება ჩვენს თვალწინ დიდი სასწაული, უბრალო წყალი გახდება წყალი – განსაკუთრებული, რომელსაც ვერას დააკლებს დრო და ჟამი. ჩვეულებრივი წყალი ძნელად ინახება რამოდენიმე დღითაც კი, ნაკურთხი წყალი კი შეიძლება შევინახოთ წლობით და ისეთივე წმიდა და კამკამა იქნება, როგორც იყო კურთხევის წინ. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, რაც უტყვი ნიშანია იმისა, რომ უფალი დღესაც ზრუნავს ჩვენთვის, ჩვენი განკურნებისა და გადარჩენისათვის.

მაგრამ, საყვარელნო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფლის ნათლისღებას წინ უძღოდა ნათლისღება სინანულის. წმიდა იოანე ნათლისმცემელთან მისულნი აღიარებდნენ ცოდვებს და შემდეგ ინათლებოდნენ. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენს ნათლისღებასაც წინ უნდა წარუმძღვაროთ განწმედა ჩვენი, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიც არ უნდა მიიღოს კაცმა განწმედილი და ნაკურთხი წყალი, არას არგებს იგი. თუ არ არის წმიდა წყლის მისაღებად მომზადებული კაცი, თუ არ სწამს მას, რომ იესო ქრისტე არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია განწმიდოს მისი სული და სხეული, მაშინ ვერც ქრისტეს მიერ განწმედილი წყალი იქნება მისთვის სიკეთის მომტანი. ამიტომაა საჭირო მისი მიღება რწმენითა და სინანულით.

ქრისტეს მიერ საყვარელნო, დღეს ჩვენ დიდ წყალობას გვიმზადებს უფალი. ნაკურთხმა წყალმა უნდა განაახლოს ჩვენი დამძიმებული სული და სხეული, მან უნდა შემოიტანოს თითოეულ ჩვენგანში სული წმიდის მადლი და მასთან ერთად სიხარული. ამიტომ გისურვებთ საკურნებელად გექცეთ იგი. მან გაანათლოს თქვენი სულები, ოჯახები, ეკლესია და ერი.

ღმერთმა მრავალ წყალკურთხევას დაგასწროთ ყველანი, ამინ!

1987 წ. სვეტიცხოველი