როგორ უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი მიცვალებულები

 

როგორ უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი მიცვალებულები
ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად და უბოძა მას უდიდესი განძი – უკვდავი სული, რომელიც კაცის გარდაცვალების შემდეგ ღმერთთან უნდა ავიდეს ზეცად, ან დარჩეს უღმერთოდ ჯოჯოხეთში, თუკი იგი იყო ურწმუნო, უზნეო და დამძიმებული სასიკვდინე ცოდვებით. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, მოწყალე ღმერთმა ჯოჯოხეთში მყოფ სულს მისცა საშუალება ტანჯვის შემსუბუქებისა. ამაში განსაკუთრებული როლი ეკისრებათ მიცვალებულების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა.
არის ორი სათნოების საქმე, რომელსაც შეუძლია ადამიანი ჯოჯოხეთიდანაც კი ამოიყვანოს – ეს არის ლოცვა და მოწყალება მის სახელზე. ლოცვითი მოხსენიება მიცვალებულის უკვდავი სულისა ხდება საეკლესიო და პირადი ლოცვებით. მიცვალების პირველ დღესვე უნდა შესრულდეს პანაშვიდი მღვდლის მიერ. პანაშვიდი უნდა აღესრულოს აგრეთვე გარდაცვალებიდან მესამე და მეორმოცე დღეს. დაკრძალვის წინა საღამოს, ან თვით იმ დღეს, უნდა შესრულდეს წესის აგების ლოცვა. პანაშვიდები უნდა შესრულდეს აგრეთვე მიცვალებულის წლისთავებზე, დაბადების, გარდაცვალების ან ანგელოზის დღეებში.
ეკლესიაში არსებობს შეკვეთილი წირვის პრაქტიკა, რომელიც ყველაზე ძლიერი ლოცვაა მიცვალებულის სულისათივის, ასევე, წმიდა ეკლესიის მიერ, წლის განმავლობაში დადგენილია განსაკუთრებული დღეები მიცვალებულთა მოხსენიებისა. დღეს ეკლესიაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა მიცვალებულისათვის შესრულებულ მსახურებაში.
მოწყალების საქმე, რომელსაც ჩვენ აღვასრულებთ მიცვალებულთა სულისათვის, არის ის საშუალება, რომლითაც ჩვენ ღვთის მოწყალებას მოვიზიდავთ ჩვენი და ჩვენი მიცვალებულის სულისათვის. ეკლესიისათვის შეწირულობა, ღარიბ-ღატაკისა და ავადმყოფის შეწევნა, საპყრობილეში მყოფისათვის დახმარება, გლახაკის დახმარება-დაპურება, ღვთის მსახურისთვის შეწირულობა – ყოველივე ეს არის სესხის მიცემა ქრისტესათვის, რომელიც ამ ვალს უბრუნებს იმ მიცვალებულთა სულებს, რომელთათვისაც ჩვენ ვლოცულობთ.
მოგიყვანთ ერთ მაგალითს:
იყო ერთი ბერი, რომელიც მოღვაწეობდა უდაბნოში. მას ჰყავდა ძმა, რომელმაც მიიღო მონაზონთა წესის ცხოვრება, მაგრამ შემდგომი წლები, მიუხედავად ძმის თხოვნა-მუდარისა, მან დაუდევრად გაატარა. ასეთ მდგომარეობაში ის აღესრულა. ძმა გამუდმებით ლოცულობდა მასზე და ერთხელაც, ლოცვისას იხილა თავისი ძმის სული ბოროტი სულების ხელში, გულისხმა ჰყო ბერმა და გაგზავნა სხვა ბერები ძმის სენაკში, სადაც იპოვეს შენახული ოქრო და ძვირფასი ნივთები. ყოველივე ეს დარიგებული იქნა უახლოეს ქალაქში გლახაკებისა და მათხოვრებისათვის, ხოლო ბერმა ლოცვა გააგრძელა ძმის სულისათვის და იხილა: ღვთის სამსჯავროზე წმინდა ანგელოზებს ბოროტი სულები ედავებოდნენ მისი ძმის სულს. ბოროტი სულები ამბობდნენ – სული ჩვენია, ის აღასრულებდა ჩვენს საქმეებს. ხოლო წმიდა ანგელოზები პასუხობდნენ: ის გამოსყიდულია მისთვის გაცემული მოწყალებითო. განა ამ ბერმა არ გასცა მოწყალება? – არ იშლიდნენ ბოროტი სულები და მიუთითებდნენ მიცვალებულის ძმაზე; ხოლო მან უპასუხა; – დიახ, მე გავეცი მოწყალება, მაგრამ არა ჩემთვის, არამედ ამ სულისათვისო. ამ სიტყვების შემდეგ ბოროტი სულები გაქრნენ და სული დახსნილი იქნა.
როგორც ავღნიშნეთ, გარდაცვალების 1, 3, 9, 20 და 40 დღეს მოძღვარს უნდა გადავახდევინოთ პანაშვიდი. დასმაფლავებამდე ჭირისუფალმა მიცვალებულის სახელზე უნდა იკითხოს ფსალმუნები. მიცვალებულის ცხედართან უნდა ენთოს კანდელი დასანთელი. ზოგჯერ ჩვილი ან ახალგაზრდა მიჰყავს ღმერთს თავისთან. ისინი ღმერთს ნაკლებად ცოდვილები მიჰყავს. ზედმეტი მწუხარებით ვამძიმებთ მიცვალებულის სულს. უმჯობესია მარხვა, ლოცვა, კვირა დღეს წირვა-ლოცვაზე მიცვალებულის მოხსენიება. მოსახსენებელში უნდა ჩაიწეროს მხოლოდ მართლმადიდებლურად მონათლულნი. მიცვალებულის სახელზე ლოცვა და მოწყალების გაცემა განსაკუთრებით საჭიროა გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში, რადგან 40 დღის განმავლობაში მიცვალებულის სული გადის საზვერეებს და მეორმოცე დღეს ხდება უფლის მიერ მისი სამყოფელის განჩინება. მღვდელს უნდა ვთხოვოთ შეკვეთილი წირვა გარდაცვალებიდან მეოცე და მეორმოცე დღეს, ნათლობის, ანგელოზის, დაბადებისა და გარდაცვალების დღეს, წესის აგების დროს მოძღვარის მიერ იკურთხება პური, ხორბალი, მარილი, ზეთი, წყალი, ღვინო, მიწა და სასახლე. მიცვალებულს გარდა გულსაკიდი ჯვარისა არ ჩავატანოთ ზედმეტი სამოსელი, ფეხსაცმელი, ოქრო და სხვა. მატერიალურ ნივთებს მიცვალებულის სული ვერ გამოიყენებს.
მიცვალებულის თავთან პატარა მაგიდაზე ვდგამთ: ხატს, ანთებულ კანდელს, ღვინოს, ხორბალს, ზეთსმ, ნაკურთხ წყალსა და მარილს. ასევე, კუბოსთან იდგმება გვირგვინები და ყვავილები. ყოველივე ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ზეთი და ღვინო წმიდა შესაწირავია და ყოველთვის იხმარება ღვთისმსახურების დროს, ყველაფერი ერთად სიმბოლოა სიმდიდრისა და იხმარება სენთა და წყლულთა საკურნებლად, ხოლო ხორბალი აუცილებლად უნდა დაითესოს, რათა შემდეგ ამოვიდეს და აღსდგეს, ასევე, ადამიანიც აღდგება სიკვდილის შემდეგ ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს. ანთებული კანდელი ჭეშმარიტ ნათელში ყოფნას აღნიშნავს. გვირგვინები და ყვავილები კი განასახიერებს სიმართლის გვირგვინს, რომელიც მოელის ღვთის წინაშე გამართლებულ ყველა ადამიანს ცათა სასუფეველში.
ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მიცვალებულთა ქრისტიანულად დაკრძალვა და ჭირისუფალთა დახმარება დიდი მადლია ღვთის წინაშე და ყველა ქრისტიანის ვალია. ვინც სწორად არ აღასრულებს მიცვალებულთა მსახურებას, უფლის წინაშე მოეთხოვება.
საფლავზე აუცილებლად უნდა იყოს პირველი დღიდანვე ნაკურთხი ჯვარი. არ არის საჭირო ზედმეტად დაიხარჯოთ საფლავის მოწყობაში. უმჯობესია მიცვალებულის სახელზე გაიცეს მოწყალება ობლებისათვის, პატიმრებისათვის და ავადმყოფებისათვის. სასურველია მიცვალებულის სახელზე ფსალმუნების კითხვა 1 წლის განმავლობაში.
ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!
(ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით)
სიკვდილი არა არის-რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.
მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, იგივენი ვართ საუკუნოდ. ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს. ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.
ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს. გაიცინე რაზეც გვეცინებოდა, ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე. ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას , როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასმაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც იმუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა, რად გგონივარ შენ ფიქრთა მიღმა? იმიტომ, რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ, ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის.
ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.
თუ მართლა იცი, რა არის ღმერთის მადლი და სასუფეველი. თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო! თუ ძალგიძს, იხილო გადახსნილი სასუფეველი. საუკუნო სამყოფელი. ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!.. თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!..
როგორ-თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?
გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღმერთისათვის ცნობილ და ღმრთისაგან დადგენილ დღეს, შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო, იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ. კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმ გრძნობას, ოღონდ უფრო განწმენდილს.
შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!
წიგნიდან"ანბანი მართლმადიდებლობისა".

Twitter del.icio.us Digg Facebook linked-in Yahoo Buzz StumbleUpon