აღსარება და ზიარება

რას გვეტყვი, მამაო?

კითხვების კრებული

ქვეყნდება გაზეთ კვირის პალიტრის ნებართვით

ვერაფრით ვამბობ ბავშვობის ასაკში ჩადენილ ცოდვას მოძღვართან, რადგან მრცხვენია… და განვიცდი. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?
უნდა იცოდეთ, რომ როცა მოძღვარს აღსარებას ეუბნებით, უფალი გისმენთ, ხოლო უფლისთვის ადამიანური სისუსტე, რა ფორმითაც არ უნდა გამოიხატოს, საკვირველი არ არის. რამდენადაც გულწრფელია და გულიდან მოდის სინანული აღსარების დროს, მით უფრო შეენდობა მონანულს. ბავშვობაში ჩადენილი ცოდვა რახან გაწუხებთ, ესე იგი, გულწრფელი ხართ და სანამ აღსარებაში არ იტყვით ამის შესახებ, განცდას ვერ მოიშორებთ. ამიტომაც თქვით მოძღვართან ის, რაც ამდენი ხანია გაწუხებთ. თუ გეუხერხულებათ – დაწვრილებით ნუ ილაპარაკებთ, ზოგადად აღნიშნეთ და ყრმობის შეცოდების სიმძიმეც მოგშორდებათ.

ხანდახან ზიარების წინა ლოცვების წაკითხვას შინ ვერ ვასწრებ. შეიძლება თუ არა ეს ლოცვები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოფნისას წავიკითხო?
ეკლესიურ ცხოვრებას თავისი ეთიკა აქვს – ქუჩაში ან მეტროში, სადაც ადამიანის სული გარემო პირობების გავლენაშია, მართებული არ იქნება ზიარების წინა ლოცვები წაიკითხოთ. ამ ლოცვებს სინანულითა და რწმენით სჭირდება კითხვა, რათა ცოდვები შევინანოთ და ზიარების მადლის ღირსი გავხდეთ. ეს ლოცვები უნდა წაიკითხოთ შინ, მშვიდ გარემოში ან ტაძარში, როცა გაქვთ საკუთარ სულში ჩახედვის საშუალება. გარდა ამისა, ლოცვები თავმდაბლობით უნდა აღევლინოს. ხოლო თავმდაბლობა განმარტოებით მოიპოვება.

აუცილებელია თუ არა კვირადღეს ზიარება?
ეს ისეთი საკითხია, რომელიც თქვენს მოძღვართან მოთათბირებით უნდა გადაწყვიტოთ. კვირადღე აღდგომასთან დაკავშირებული უქმეა და აუცილებელია, წირვა-ლოცვაზე მიბრძანდეთ. მთელი წლის განმავლობაში, შაბათ-კვირას ტაძრებში უწყვეტად აღესრულება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა. თუ ამ დღეს ზიარებას შეძლებთ, რა თქმა უნდა, დიდი მადლია; მაგრამ სამწუხაროდ, ცხოვრების დაძაბული რიტმის გამო, ეს ვერ ხერხდება. ამიტომაც თქვენი მოძღვარი უნდა იცნობდეს თქვენი ცხოვრების წესს და სულიერ მდგომარეობას, ის მაშინ გაზიარებთ, როცა ზიარებისთვის მზად იქნებით.

რამდენადაც ვიცი, დაუშვებელია მამაკაცმა აღსარება ჩააბაროს მოძღვარს, თუკი ეს უკანასკნელი მისი სიმამრია, რატომ?
აღსარება უფლის უდიდესი საიდუმლოა და პირველ რიგში, გულისხმობს ნებაყოფლობას – ანუ ადამიანს თვითონ უნდა გააჩნდეს სურვილი აღსარების თქმისა. ასევე ნებაყოფლობითია იმის არჩევაც, თუ ვის ჩააბარებთ აღსარებას. თუ მართლმადიდებელს სურს აღსარება ჩააბაროს მის სიმამრს, რომელიც მღვდელია – ეს მისი ნებაა, ამას ეკლესია არ კრძალავს, მაგრამ შესაძლოა ასეთი აღსარებისას უხერხულმა შეგრძნებებმა იმძლავროს. გაჭირდეს ცოდვაზე საუბარი. მთავარი უფალთან მოძღვრის საშუალებით კავშირია და არა თვითონ მოძღვრის ვინაობა. ამიტომაც სასურველია, სიძე შეეცადოს აღსარება ისეთ მღვდელთან წარმოთქვას, რომელიც მისი ოჯახის წევრი არ არის.

ძალიან მეუხერხულება აღსარების თქმა, რას მირჩევთ, როგორ გადავლახო ეს უხერხულობა?
ასეთი რამ ხშირად ემართებათ პირველი აღსარების წინ. ამიტომ არის საჭირო, ყოველმა ქრისტიანმა იცოდეს, რომ მოძღვარი მხოლოდ შუამავალია ადამიანსა და უფალს შორის და არა დამსჯელი. აღსარება ცოდვების ზეპირი ჩამოთვლა არ არის, აღსარება სულიერი განწმენდაა, ტკივილია ჩვენი ჩადენილი ცოდვების გამო… მაგრამ ეს მკურნალი ტკივილი გახლავთ… ასეთი განცდა მხოლოდ სინანულით სინდისის გაღვიძებით მოდის და ამ სინანულს წირვა-ლოცვაზე სიარული აღვიძებს… თუ თქვენ წირვა-ლოცვაზე ივლით, გული თავადვე მოემზადება აღსარებისთვის… მოელაპარაკეთ მოძღვარს აღსარების წინ, ჰკითხეთ აღსარების საიდუმლოს შესახებ… მას შეუძლია გირჩიოთ, აღსარებისას როგორ მოიქცეთ, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. შესაძლოა პირველი აღსარებისას ყველა ცოდვა ვერ გაიხსენოთ, მაგრამ რაც დაგავიწყდათ, ეკლესიური ცხოვრება გაგახსენებთ და შემდგომ აღსარებაზე მოინანიეთ.

შეიძლება თუ არა ზიარებისას მოხდეს დაინფიცირება?
თუ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და ვეზიარებით ეკლესიის საიდუმლოებას, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ საიდუმლოში უფალი მონაწილეობს. უფალი არ დაუშვებს, რომ ასეთი რამ მოხდეს. თავად ეს ეჭვი მეტყველებს, რომ თქვენი რწმენა განმტკიცებული არ არის. დარწმუნებული არ ხართ, რომ ზიარებისას უბრალოდ პურსა და ღვინოს კი არა, ქრისტეს ხორცსა და სისხლს იხმევთ სულის და ხორცის საკურნებლად.

ჩემი აზრით, ერთგვარ მოდად იქცა წირვაზე პატარების ზიარება, რის გამოც წირვა დიდხანს გრძელდება, თქვენ რას ფიქრობთ?
ვინც ამბობს, არ არის საჭირო ბავშვების ზიარებაო, იგივეა, თქვას, არაა საჭირო ნორჩ, სუსტ მცენარეზე ზრუნვა, მისი დაცვა სარეველებისაგან. ახალგაზრდული ასაკი ყველაზე მთავარი ასაკია ადამიანის ცხოვრებაში: პირველ ორ წელიწადში ბავშვი იღებს და ითვისებს იმდენ შთაბეჭდილებას, რამდენსაც მერე მთელ დარჩენილ ცხოვრებაში. ამიტომ ხშირად აზიარეთ ბავშვები.

საჭიროა თუ არა აღსარების თქმის წინ რამდენიმე დღით მარხვის შენახვა (არამარხულ დღეებში) და შეიძლება თუ არა ზიარება, თუ ზიარების წინაღამეს დამესიზმრა ხორცი, სისხლი, თამბაქოს წევა?
აღსარების წინ მარხვის შენახვა აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ ნებისმიერ დღეს მიბრძანდეთ ეკლესიაში და თქვათ აღსარება. ზიარების უფლებას კი მოძღვარი გაძლევთ მხოლოდ შესაბამისი ლოცვებისა და მარხვის შემდეგ. ზიარების წინაღამეს მაცდური, ცოდვისეული სიზმრების ხილვის მიუხედავად, ზიარება შესაძლებელია. რჯულის კანონი გვამცნობს, რომ ზოგჯერ სწორედ ზიარების წინ ხდება ადამიანის ძილში დაცემა. ოღონდ, აღსარებაში უნდა მოვინანიოთ ასეთი სიზმრების შესახებ.

უნდა ვემთხვიოთ თუ არა ზიარების შემდეგ ბარძიმს და მოძღვარს ხელზე?
ზიარების შემდეგ ბარძიმზე მთხვევა ადგილობრივი ტრადიციაა. ხოლო იმ მიზეზის გამო, რომ უხერხული მოძრაობის შემთხვევაში არის საშიშროება სიწმინდის დაღვრისა, ხელზე მთხვევა არასგზით არ შეიძლება!

მართალია თუ არა, რომ ზიარების დღეს არ შეიძლება მუშაობა?
ნუთუ შეიძლება, რომ ქრისტესთან ერთობა შრომისა და კეთილი საქმეების ჩადენისათვის დამაბრკოლებელი იყოს? მაგრამ, თუ ეს ხდება დიდი დღესასწაულის დღეს, მაშინ ეცადეთ, რომ მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი და გადაუდებელი საქმე გააკეთოთ.

უნდა ვუამბო თუ არა სხვას, რაც ვუთხარი მოძღვარს და გავუმეორო ჩემი ცოდვები?
არავის უთხრა, რაზე ილაპარაკე მოძღვართან, არავის გაანდო შენი ცდუნებანი სულიერი მამის გარდა. მოყოლით ვერ შეიმსუბუქებ სიმძიმეს, სხვას კი ზიანს მოუტან. შენ მოგისმენენ ცნობისმოყვარეობის გამო, შემდეგ კი ცდუნდებიან და განგიკითხავენ. ბერმონაზვნობის წესით, მოძღვრის სენაკი უნდა იყოს სამარე ორისთვის.

როგორ უნდა ვიქცეოდეთ ზიარებისას ბარძიმის გამობრძანების დროს?
არსებობს საეკლესიო წესი, რომ მორწმუნე მართლმადიდებელი კრძალვით უნდა მიეგებოს ბარძიმის გამობრძანებას – რაც შესაძლებელია გამოხატოს გარეგნული მოძრაობითაც – იქნება ეს მცირე თუ დიდი მეტანია.

აზიარებს თუ არა ეკლესია ადამიანს, რომლის მოქმედება არ ექვემდებარება მისსავე კონტროლს (ფსიქიკური დარღვევის გამო) და მიიჩნევა თუ არა ცოდვად ასეთი ადამიანისგან ჩადენილი თვითმკვლელობა?
ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ეკლესია აზიარებს და ამ ადამიანებისთვის არსებობს კიდეც ეკლესიაში განსაკუთრებული ადგილი – სტოა, სადაც აზიარებენ ფსიქოზური დარღვევის მქონე ადამიანებს, ხოლო თუ თვითმკვლელობა ჩადენილია ასეთი ადამიანის მიერ, ამ დროს შეიძლება მასზე აღსრულდეს საეკლესიო წესი.

ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიყავი აღსარებაზე. მქენჯნიდა ერთი დიდი ცოდვა და ლამის მისი გახსენებით დარდს მოვეკალი. ძალიან განვიცდიდი და ვიდრე აღსარებაზე მივიდოდი, ჩემი დამემართა. მაგრამ, თითქოს იოლად გადავრჩი. მღვდელმა მხოლოდ ეს მკითხა: გაქვსო ცოდვები? მე, რა თქმა უნდა, დადებითად ვუპასუხე. “მოგეტევოსო” – და ამით დასრულდა ყველაფერი. მაინტერესებს, მართლა მომეტევა თუ არა ის ცოდვა, რადგან მე მასზე არაფერი მითქვამს.
აუცილებელია ამ ცოდვის მონანიება, იმიტომ, რომ ყოველი ცოდვა თავის კვალს ტოვებს ადამიანში. აღსარების დროს ხდება ცოდვათა მიტევება და არა ამ ცოდვისგან გათავისუფლება. მიდრეკილება ამ ცოდვისაკენ რჩება. ხოლო, თუ მოძღვარმა არ იცის, რა ცოდვით ხართ დაცემული, ის სწორ რჩევა-დარიგებას ვერ მოგცემთ.

როგორ უნდა მოვიქცე, თუკი ზიარების წინა დღეებში ჩემთან კონფლიქტში მყოფი პიროვნება უარს ამბობს შერიგებაზე?
თქვენ ცდა არ უნდა დააკლოთ, რათა შეურიგდეთ და თუ მაინც ვერას გააწყობთ, სინდისდამშვიდებული შეგიძლიათ ეზიაროთ.

როდესაც პირველ აღსარებაზე მივედი, რაღაცამ დამაბრკოლა მოძღვარში და ვერ შევძელი ვყოფილიყავი მასთან გულახდილი. მას შემდეგ ვერაფრით ვაიძულე საკუთარი თავი, თუნდაც სხვა მოძღვრისთვის მეთქვა აღსარება და წმინდა ზიარება მიმეღო. ვიცავ მარხვას და ჩემი ცოდვების შესახებ მხოლოდ მაცხოვრის ხატს ვუამბობ. როგორ შეიძლება გადავლახო ეს შინაგანი ბარიერი?
აუცილებლად უნდა გადალახოთ ეს ბარიერი. არაერთი ღირსეული მოძღვარია ჩვენს ეკლესიებში, რომელიც გულდასმით მოგისმენთ და თქვენთვის საჭირო რჩევა-დარიგებებსაც მოგცემთ.

მე ჩემს თავს არ ვთვლი წმინდა ზიარების მიღების ღირსად და ამიტომ მხოლოდ ერთხელ ვეზიარები წელიწადში. სწორად ვიქცევი თუ არა?
ვართ თუ არა ღირსნი წმინდა ზიარებისა, ანუ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებისა – ამის მსაჯულად დადგენილნი არიან მღვდელმსახურნი აღსარების საიდუმლოების პროცესში. ხოლო ის, ვინც თვითნებურად აყენებს თავს ზიარების მიღმა, არასწორად იქცევა და ემსგავსება ერეტიკოსსა და წარმართს.

მოძღვარი არა მყავს, მინდა აღსარების თქმა, შეიძლება თუ არა ამისთვის ნებისმიერ მღვდელს მივმართო, თუ აუცილებლად მოძღვარი უნდა ვიყოლიო?
ყველა მღვდელს აქვს მიცემული სამღვდელო მსახურების მადლი. მაგრამ მოძღვრად ადამიანი ირჩევს მღვდელს, რომელსაც გამოუცხადებს ნდობას და იღებს მისგან სულის მხსნელ რჩევა-დარიგებას. ასეთი ადამიანი კი არ შეიძლება ნებისმიერი მღვდელი იყოს. აღსარებისთვის უარს არც ერთი მღვდელი არ გეტყვით, მაგრამ მომავლისთვის, უნდა იზრუნოთ, რათა გყავდეთ თქვენი მოძღვარი, რომელიც ყოველთვის მოგცემთ სასარგებლო რჩევა-დარიგებას.

შემიმჩნევია, ზოგიერთები ისე მიდიან საზიარებლად, რომ არც წირვა-ლოცვას დასწრებიან და, შესაძლოა, არც ზიარებისწინა ლოცვები ჰქონდეთ წაკითხული. უნდა ვაცნობოთ თუ არა ეს ამბავი მღვდელს, რათა ამით დავიფაროთ ისინი ცოდვისაგან?
ალბათ არ იქნებოდა ურიგო, გეცნობებინათ მღვდელმსახურისათვის, რადგან ბევრმა მართლაც არ იცის, რომ იმისათვის, რათა ღირს ვიქნეთ ზიარებისა, საჭიროა ტაძარში წირვა-ლოცვაზე დასწრება, ყველა მომდურავთან შერიგება, წყენის პატიება, გულზე ჯვრის ტარება, წინა ღამით ცოლქმრული სარეცლის გაუზიარებლობა, ღამის თორმეტი საათიდან უზმოდ ყოფნა და მისთ.

მე ასე მითხრეს ჩემზე გამოცდილმა მრევლის წევრებმა, რომ თუ არ ეზიარები, არ არის აუცილებელი წირვის დროს ზიარების დაწყებამდე დაცდა, შეგიძლია “მამაო ჩვენოს” შემდეგ წასვლაო. რამდენად მართალია ეს?
თავად განსაჯეთ, თუკი წმინდა მოციქულთა კანონების მე-9 მუხლი პირდაპირ მიგვითითებს: “ყველა მორწმუნე, რომელიც შედის ეკლესიაში, ისმენს წიგნის კითხვას, მაგრამ არ ელოდება ლოცვასა და წმინდა ზიარებას, როგორც უწესობის მოქმედი, უნდა დაისაჯოს უზიარებლობით”.

რამდენად სასარგებლოა აღსარების ხშირად თქმა?
აღსარების ხშირად თქმა იმდენად არის სასარგებლო, რამდენადაც ჩვენ იოლად ვივიწყებთ ცოდვებს, ხოლო, როცა სულიერ მოძღვარს გავენდობით, ისინი ფესვებიანად ამოიძირკვებიან. ამას გარდა, სინანული თვალებს გვიხელს ცოდვებზე. ერთს რომ მოინანიებს ადამიანი, იწყებს სხვა ცოდვების დანახვას – მეორის, მესამის და ა.შ. ვინც ეჩვევა პასუხი აგოს აღსარების დროს თავის საქციელზე ამქვეყნიურ ცხოვრებაში, მას არ გაუჭირდება პასუხის გაცემა ქრისტეს სამსჯავროზე: იმადაც არის დადგინებული აქაური სინანულის მცირე სამსჯავრო, რათა აქაური მონანიებით განწმენდილებს და გამოსწორებულებს, მოგვეცეს საშუალება შეურცხვენლად წარვდგეთ ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე.

ამბობენ, რომ ერთი ზიარება აღდგომის დღესასწაულზე ორმოც ზიარებას უდრისო. რამდენად შეეფერება ეს სინამდვილეს?
ყოველ ზიარებას უფლის სისხლითა და ხორცით ერთი ძალა აქვს.

რატომ ითვლება ცოდვად სპირიტიზმის სეანსის დროს სულის გამოძახება, თუკი ჩვენ სასოებით ველით აწ განსვენებულის ნანატრი ხმის გაგონებას და საკუთარი ტკივილების შემსუბუქებასა და დაამებას?
სპირიტიზმის სეანსში მონაწილეობა იმიტომ გეთვლებათ ცოდვად, რომ გარდაცვლილთა სულების მაგივრად, თქვენთან კავშირზე გამოდიან დემონები, რომელთა გავლენის ქვეშ ექცევით. თვით სპირიტისტების მსოფლმხედველობა კავშირში არ არის ქრისტიანობასთან. ეს გახლავთ პანთეისტური მსოფლმხედველობა, სადაც ქრისტე ერთ-ერთ სულად მოიაზრება, მაგრამ მას ღმერთად არ ცნობენ. თუ მას ძედ ღვთისად ხმობენ, მხოლოდ პირობითად. კიდევ მეტიც, შეიძლება ზოგჯერ სეანსზე დამსწრე ადამიანს ეკლესიური ცხოვრებაც კი შესთავაზონ, მაგრამ ეს გარეგნული სატყუარაა მათი რეალური ჭეშმარიტი ზრახვების შესანიღბავად.

არის თუ არა ცოდვა, როდესაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ვიცავ მარხვას ჯეროვნად?
ხორციელი უძლურების ჟამს მოძღვართან შეთანხმებით, შეიძლება მარხვის პირობების შემსუბუქება.

აუცილებელია თუ არა ზიარების შემდეგ სითხის მიღება?
ზიარების შემდეგ სითხე აუცილებელია მისაყოლებლად.

მსმენია, რომ ზიარების შემდეგ, ჯვარზე მთხვევამდე, შუალედში უმჯობესია არ ვემთხვიოთ ხატებს და ნაცნობ-მეგობრებსაც არ მივეგებოთ პირზე კოცნით. საერთოდაც, შეიძლება თუ არა ზიარების დღეს ხატებზე მთხვევა?
წმინდა საიდუმლოთა მიღების შემდეგ ცოდვა არ არის ხატებზე, ჯვარზე ან სხვა სიწმინდეებზე მთხვევა, ოღონდ თავი შეიკავეთ ამისგან ნაზიარევზე სასმლის მიყოლებამდე. თქვენ მიიღეთ უდიდესი სიწმინდე და ეცადეთ დაიცვათ იგი ყოველგვარი ცოდვებისაგან: განკითხვისაგან, უქმადმეტყველებისაგან, გაცხარებისაგან, გაღიზიანებისაგან, ნაყროვანებისაგან და სხვ. ზიარების დღეს არ სრულდება მუხლის მოყრით თაყვანისცემა.

ამბობენ, რომ ზიარების წინადღით საღამოს რვა საათის შემდეგ აღარ უნდა მივიღოთ საზრდო. არსებობს თუ არა ამ საკითხზე რაიმე საეკლესიო წესი?
ისინი, ვინც თავს იკავებენ ვახშმისაგან ზიარების წინა საღამოს – კარგად იქცევიან. საეკლესიო კანონებით კი ამ დღეს ღამის თორმეტი საათიდან არ შეიძლება არც ჭამა და არც სმა.

თუ პატარა ბავშვი არ იღებს წმინდა ზიარებას და პირი მოკუმული აქვს, შეიძლება თუ არა მისი ძალად ზიარება?
სულ პატარას შეგვიძლია მივაღებინოთ ერთი წვეთი ქრისტეს სისხლისა, უფრო მოზრდილებს კი არ უნდა დავაძალოთ.

რატომ ხდება, რომ ვიდრე ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა და იშვიათად მქონდა ხოლმე კონფლიქტები. ეკლესიაში სიარულის, აღსარებისა და ზიარებათა შემდეგ კი უსიამოვნებებიც გამიხშირდა და ურთიერთობებიც რიგ ადამიანებთან დამეძაბა?
თავდაპირველად დაუფიქრდი შენს თავს – ხომ არ იწვევ მოყვასის გაღიზიანებას გადამეტებული ჭკუის დარიგებებით, რელიგიური ცხოვრებისაკენ ბრძენკაცური მოწოდებებით – და თუ მიზეზი შენში არ არის, ნუ სწუხარ, თუ ზოგიერთი ახლობელი გაუცხოვდა შენგან; მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი, თავისი გამოცდილებიდან გვიზიარებს: როცა ადამიანი თავს უფალს მიუძღვნის, რიგი მისი ახლობლებისა და ნაცნობებისა დაშორებული აღმოჩნდებიან მისგან. და რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, ისინი კიდევ უფრო შორდებიან მას. უფალი ითმენდა და ჩვენც გვებრძანა მისგან მოთმინება.

რატომ ითვლება დამნაშავედ ადამიანი, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა უცოდინარობით? არცოდნა ხომ არცოდვაა! საჭიროა თუ არა ამ ცოდვის მონანიება და როგორია ასეთ დროს პასუხისმგებლობა?
ადამიანი იმიტომ ითვლება დამნაშავედ, რომ ის ვალდებული იყო, სცოდნოდა. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ არ ცდილობს დაეუფლოს მას, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. მავანთ ყოველივე იციან და ყოველივეთი ინტერესდებიან, რაც მათ არ ეხებათ, ხოლო იმის შესახებ, თუ რა არის მათი სიცოცხლის არსი და მიზანი, მარადიულობის, ღმერთის, რწმენის შესახებ ცნობები მათ არ აღელვებთ. ამადაც ვკითხულობთ სახარებაში, რომ დაისჯება ის მონაც, რომელმაც არ იცოდა, თუმცაღა მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა. და, რაღა თქმა უნდა, ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობის გამო, უნდა მოვინანიოთ.

შეიძლება თუ არა ზიარებისწინა ლოცვების ბოლომდე ჩაკითხვა წირვის პროცესში, თუ სჯობს ზიარების შემდეგ წავიკითხოთ ის, რისი წაკითხვაც ვერ მოვასწარით მღვდელმსახურების განმავლობაში?
ზიარებისწინა ლოცვების წაკითხვა წირვის დროს – მავნე ჩვევაა. ეს ლოცვები წაკითხული უნდა იყოს ლიტურგიის დაწყებამდე (წინა ღამით ან დილით).

როგორი სიხშირით უნდა ეზიარებოდეს ერისკაცი და რამდენი ზიარებაა წელიწადში აუცილებელი?
ყველა წმიდა მამა ერთხმად აღიარებს, რომ მორწმუნე ქრისტიანი დიდი ხნით არ უნდა მოაკლდეს მაცხონებელ მადლს წმიდა ზიარებისას. განსაკუთრებით მარხვის პერიოდში არ უნდა დააყოვნოთ ზიარება. ყოველივეს უნდა იქმოდეთ თქვენი სულიერი მომზადების შესაბამისად მოძღვრის კურთხევის მიხედვით.

აღსარების დროს განსაკუთრებით მაფიქრებს ის გარემოება, რომ ადრეული ბავშვობიდან შესაძლოა მრავალი ცოდვა მქონდეს გადავიწყებული, რომელსაც თავის დროზე ყურადღებას არ ვაქცევდი – რა ვუყო ამ პატარ-პატარა ცოდვებს?
ამისთვის, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა შევიძინოთ საგანგებო საღვთისმეტყველო გამოცემები ცოდვათა ზედმიწევნით სრული ჩამონათვალით და მათ შევუთანადოთ ცოდვები და მოვინანიოთ. იმისათვის, რათა აღსარებაზე მივიღოთ რაც შეიძლება სრული გათავისუფლება ცოდვებისაგან, ვთხოვოთ უფალს, რომ აგვიხილოს თვალი ყველა ჩვენს ცოდვაზე, რომელთაც ჩვენი უძლური ბუნების გამო ვივიწყებთ. განსაკუთრებით ეს ეხება “პატარ-პატარა” ცოდვებს. იმისათვის, რათა მივიღოთ სრულყოფილი პატიება ცოდვებისათვის, საამისოდ დიდი სურვილი უნდა ვიქონიოთ. დიდმარხვის დროს აუცილებელია ტაძარში დავესწროთ შვიდგზის ზეთისცხებას. ამ საიდუმლოში სწორედ მიიღება პატიება ყველა იმ ცოდვისათვის, რომლებიც დავიწყებული გვაქვს, ან არცთუ ნათლად გაცნობიერებული.

რა მოეთხოვება უწინარესად ქრისტიანობაში ახალფეხშედგმულ აღმსარებელს?
უპირველესად მას მოეთხოვება განშორება ამა ქვეყნის – წუთისოფლის საცდურებისგან.
ამა ქვეყნის საცდურთაგან განშორება კი ნიშნავს – დატოვო ყველა ჩვევა, წესი, მოთხოვნილება, რომლებიც ეწინააღმდეგება სახარებასა და ქრისტესმიერ სულიერებას.

დროდადრო მაწუხებს აღსარებისას უკვე თქმული ცოდვა და ფიქრი: მართლა მომეტევა თუ არა მონანიებული დანაშაული?
წმ. თეოფანე დაყუდებული გირჩევთ: “რომელი ცოდვებიც უკვე მონანიებული და შენდობილია, მათზე თქვით: მოხდა, მაგრამ მოვინანიე და მივიღე შენდობა”. ნუ დაუბრუნდები იმას, რაც უთხარი მოძღვარს და მიიღე შენდობა.

მიწიერი სიკეთის ბოროტად გამოყენების ცოდვა თუ არსებობს?
დიახ, არსებობს. ეს არის: სიძუნწე, მოჭარბებული სწრაფვა მომხვეჭელობისაკენ და მფლანგველობა – ქონების უფრო მეტად ფლანგვა, ვიდრე ამის საშუალებას გვაძლევს მდგომარეობა.

რა შეიძლება შეემთხვეს ადამიანს, თუკი იგი უღირსად ეზიარება?
უღირსად მაზიარებელნი, შესაძლოა, ხიფათს გადაეყარონ – დაავადებებით, უსიამოვნებებით, განსაცდელებით, როგორც პავლე მოციქულის გამაფრთხილებელ შეგონებაშია ნათქვამი: “ამიტომაც თქვენს შორის მრავალი უძლურია და სნეული, და მრავალი კვდება” (1 კორ. 11, 30).

რა სიმბოლოს განასახიერებს ქრისტიანეთა მიერ ერთი ბარძიმიდან მიღებული ზიარება?
ერთი ბარძიმიდან წმიდა საიდუმლოს მიღებაში უნდა ვიგულისხმოთ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ჭეშმარიტი ძმობა და დობა, რომელთაც – განურჩევლად მათი მდგომარეობისა, განათლებისა და მატერიალური სახსრებისა, ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ სიძულვილისა და მიუღებლობის გრძნობა, და პირიქით, უხარიათ, რომ შესაძლებლობა აქვთ ერთი ბარძიმიდან მიიღონ წმიდა ძღვენი.

აღსარების მოსმენის შემდეგ მღვდელი ჯვარს სახავს მონანულს და ლოცავს: “ღმერთმა შეგინდოს”. და თუ იგი უდებებით არ წაიკითხავს შენდობის ლოცვას, მიიღებს თუ არა მონანული შენდობას?
მონანიე აღმსარებელი შენდობას მიიღებს. რაც შეეხება მღვდელს, ის პასუხს აგებს თავისი მსაჯულის წინაშე.

რას ნიშნავს ფარისევლური, ანუ თვალთმაქცური აღსარება?
ფარისევლურად, ანუ თვალთმაქცურად ამბობენ აღსარებას ისინი: 1. ვისაც გულში მტრობა აქვს და მტერთან შერიგება არ სურს; 2. ქურდები, რომელთაც არ სურთ ნაქურდალის დაბრუნება; 3. ვინც სულიერ მოძღვართან თავის ცოდვებს მალავს; 4. ყოველნი, ვინც ცოდვით ქცევებს ვერ თმობენ.

სავალდებულოა თუ არა ზიარების წინ აღსარების ჩაბარება და მოძღვრისაგან კურთხევის მიღება?
ზიარების წინ მოძღვრისაგან კურთხევა აუცილებელია. მართლმადიდებელი ეკლესიის წესისა და ჩვეულების თანახმად, ზიარების საიდუმლოს წინ უძღვის სინანულის (აღსარების) საიდუმლო.

Twitter del.icio.us Digg Facebook linked-in Yahoo Buzz StumbleUpon