მართლმადიდებელი ეკლესია
საეკლესიო ბიბლიოთეკა
წმ. მამათა გამონათქვამები

ინტერვიუ ცნობილ ადამიანებთან

წესდება განდეგილი ცხოვრებისა შედგენილი ანტონი დიდის მიერ

გადმოგცემთ იმ წესებს, გამოთქმულთ უფლის მიერ ჩემი პირით, ყველას, ვისაც გსურთ ქედი მოუდრიკოთ განდეგილი ცხოვრების მძიმე უღელს. ჯერ-არს დაემორჩილოთ ამ მცნებებს, ხოლო ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს მათგან, „უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა“ (5,19).

ვისაც ნამდვილად სურს იხსნას სული თვისი (ამა სოფლისაგან განდგომილი ცხოვრების გზით), იგი, დაე, ნუ დარჩება საკუთარ სახლში, და ნურც იმ ქალაქში იცხოვრებს, სადაც უცოდვია! აგრეთვე, დაე, ნუ მოინახულებს ხოლმე თავის მშობლებს და ხორციელ ნათესავებს, რადგან ამგვარი შეხვედრებით ახლობლებთან ზიანი მიადაგება სულს და განდეგილი ცხოვრების ნაყოფნიც იღუპებიან.

ნუ დაუბრუნდები იმ ქალაქს, სადაც ოდესღაც შეგიცოდია ღმერთის წინაშე!

ნურც იმის გასაგებად წახვალ, თუ როგორ ცხოვრობენ შენი ხორციელი ახლობლები, და მათაც ნუ მისცემ ნებას მოვიდნენ ხოლმე შენთან იმის სანახავად, თუ შენ როგორ ცხოვრობ! და საერთოდაც, ნურასოდეს ნუ შეხვდები მათ!

ჩვენი სულიერი მამები გვარწმუნებენ, რომ უდაბნო ყველაზე შესაფერი ადგილია სიკვდილზე ფიქრისათვის და ყველაზე საიმედო თავშესაფარია საამქვეყნო გატაცებებისაგან თავის მოზღუდვისათვის, რომელნიც სხეულს აამებენ.

ვინც უდაბნოში ცხოვრობს და მდუმარების ღვაწლს შესდგომია, იგი სამი სახის საცთურისაგან არის დაცული: ყურნი მისნი არ ისმენენ უჯეროს არაფერს, ანც ენა მისი იტყვის საგმობს და არც თვალნი ხედვენ უშვერებას, და მისი სულიც ამით არ ევნება.

იფხიზლე, რომ არ გაცთუნოს ამ ფიქრმა – უდაბნო განგრილებას მიმამთხვევსო სულიერი კვეთებისაგან, და ამის გამო არ თქვა უარი მეუდაბნოე ცხოვრებაზე.

რაკი ცხოვრებისეულ მითქმა-მოთქმას მოშორდები, სენაკში განმარტოვდი და მწირი შეიქენი. სენაკში ყოფნა შენთვის იგივე იქნება, რაც უცხო მხარეში მსხემობაა მწირთათვის.

როცა გამოხვალ ხოლმე შენი განმარტოების ადგილიდან, ეცადე მალევე მიუბრუნდე შენს სენაკს, არამედ საქმის აღსრულებისთანავე დაუბრუნდი შენს მარტოდსაყოფელს.

როცა სამკალად, ან სხვა რამ საქმეზე გახვალ, დიდხანს ნუ დაჰყოვნდები საქმის გარეშე, არამედ საქმის აღსურლებისთანავე დაუბრუნდი შენს მარტოდსამყოფელს.

თუკი ძმას ვისმე მოინახულებ, დიდხანს ნუ დარჩები მის სენაკში.

სენსკში ყოფნის ჟამს სამ საქმეს მისდიე: ხელსაქმე აკეთე, ფსალმუნები იკითხე და ილოცე.

სენაკში ყოფნის ჟამს აი, რა უნდა აკეთო: საღმრთო წერილი იკითხო, ილოცო ღმერთის წინაშე და ხელსაქმეს მისდიო.

ყოველდღე იმარხულე ხოლმე მეცხრე ჟამამდე, გარდა შაბათისა და უფლის დღისა (კვირისა), ხოლო როცა მეცხრე ჟამი დადგება, შენს შიდა სენაკში შედი (გარე სენაკში, ანუ წინკარში მუშაობის შემდგომ) და საზრდოს მიღებამდე ლოცვა-ვედრება აღუვლინე უფალს. საზრდოს მიღების შემდგომ ხან იკითხე და ხანაც ილოცე მონაცვლეობით.

ლოცვა-ვედრება დადგენილ ჟამს აღასრულე ხოლმე, და ამასთან არც ერთი არ გამოტოვო ამ დადგენილ ჟამთაგან, რათა თავის დროზე პასუხი არ აგო ამისთვის.

ღამით შენი ლოცვა აღასრულე განმხოლოებულმა მანამ, სანამ საყდრად მიხვიდოდე საერთო ლოცვისთვის.

და ყოველთვისაც, სანამ ეკლესიაში წახვიდოდე, შენს სენაკში აღუვლინე ღმერთს ლოცვა-ვედრება.

ძმებთან ერთად ლოცვის წინ და მის უკანაც ყოველთვის აღასრულე ხოლმე ლოცვა შენს სენაკში, ნურასდროს ნუ დაიზარებ ამას.

ხშირად მოიდრიკე მუხლნი ლოცვისას, და ნუ დაიზარებ ამის ქმნას, რათა ბოროტი სიკვდილით არ აღესრულო.

როცა ლოცულობ, მცონარებას ნუ მიეცემი ნებსით თუ უნებლიეთ, რადგან მცონარი მოსაგრის ლოცვა – ამაოდ წარმოთქმული სიტყვებია, რომელთაც ღმერთი არ შეისმენს.

როცა ლოცულობ და ღმერთის ხსენებაში ხარ, ფრინველს მიემსგავსე, მაღლა ცაში რომ დაფრინავს მსუბუქად, და მაშინ გაამართლებ შენს მონაზონურ აღთქმასა და დანიშნულებასაც შენი მონაზონური შესამოსელისა.

გულმოდგინედ იკითხე საღმრთო წერილი და ამით აღმოფხვრი შენში არაწმიდებას (ანუ წმიდა წერილის კითხივთ უნდა განდევნო შენგან არაწმიდა ზრახვები და უჯერო ფიქრები).

თუკი ყოველთვის გულმოდგინედ იკითხავ საღმრთო წერილს და უფლის მცნებებს აღსარულებ, მაშინ ღმერთიც მარად მოწყალე იქნება შენს მიმართ.

მარად იფიქრე ღმერთის დიდებულებაზე, მის საქმეებზე, და ნურც ლოცვა-ვედრებას დაიზარებ.

თავის სენაკში ბაგემდუმრიად მჯდომარე მონაზონი, რომელიც მარად ღმერთის განგებულებაზე არ ფიქრობს, იმ მიტოვებულ სახლსა ჰგავს, ქალაქგარეთ რომ გაპარტახებულა და ყოველგვარი სიბინძურისა და არაწმიდების ადგილად შექმნილა, რადგან ვისაც კი თავისი სახლიდან გააქვს სიბინძურე, სულ იქა ჰყრის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ისეთი მონაზონია, რომელიც ბაგითა დუმს, მაგრამ გონებით ამაო ოცნებებს მისცემია, გულსწადილთ აამებს და ბოროტი ვნებებით გატაცებულია – ეს ყოველივე ის სიბინძურე და არაწმიდებაა, რომელთაც ეშმაკნი აგროვებენ მის გაპარტახებულ სულში.

სხეული ჩვენი ხანგრძლივი შრომით უნდა დავიმორჩილოთ და გავთანგოთ, რათა მისით საცთურს არ ვეწიოთ.

თავად დაუწესე საკუთარ თავს რაიმე საქმე სენაკში მუშაობისათვის, და გული შენი ყოველთვის მშვიდად და მდაბლად იქნება.

აიძულე თავი, სენაკში ხელსაქმეს მისდიო, და შენს სულში ღვთის შიში დაიმკვიდრებს.

გულმოდგინედ აკეთე ხელსაქმე, როცა მარტო იქნები სენაკში, და მაღლით შენს სულს ჭეშმარიტი შიში ღმრთისა მოემადლება.

სენაკში განმარტოებით ყოფნის ჟამს საქმეს მიეძალე და მცონარედ მცირე ხანსაც არ დაჰყო, მაგრამ ამასთან სახელი უფლისა ჩვენისა არ განიშორო გონებიდან და სულ მის ხსენებაში იყავი,მისგან ისწავლე ყოველივე და იგი განადიდე შენი ენითაც, და ასე თქვი ხოლმე: უფალო ჩემო იესო ქრისტეო, შემიწყალე მე! ანდა ასე: უფალო იესო ქრისტეო, შეწევნა მომმადლე მე, მონასა შენსა! ან ასეც: შენ გადიდებ, უფალო ჩემო, იესო ქრისტეო!

ყოველთვის ერთი და იგივე ჟამი დააწესე საზრდოს მისაღებად, და მხოლოდ სხეულის სიმრთელისათვის მიიღე საზრდო, და არა სიამოვნებისათვის.

ყველაზე უბრალო და იაფი საზრდო მიიღე ხოლმე.

პური შენი ყოველთვის მდუმარედ ჭამე და თავშეკავებით, ამასთან, ისიც არ დაგავიწყდეს, რომ ტრაპეზთან ჯდომისას თავმდაბლად უნდა იჯდე.

საზრდოს მიღებისას ძალზე ნუ დანაყრდები ხოლმე.

ნუ იქნები ხარბი და სულსწრაფი საზრდოსათვის, რათა კვლავ არ გაცოცხლდეს შენში უწინდელი ცოდვები.

ოთხშაბათობით და პარასკევობით მარხვას ნუ გაიხსნილებ.

ხორცს საერთოდ ნუ შეჭამ.

იმ ადგილს, სადაც ღვინოს სწურავენ, საერთოდ არ გაეკარო.

შეკრებულობასა და მიპატიჟებას საერთო ტრაპეზზე მაინცადა მაინცა არ უნდა ესწრაფვოდე.

თუ მიხვალ იმ ადგილას, სადაც საერთო ტრაპეზია გამართული, მიიღე საზრდო და მადლი მიუძღვენი ღმერთს.

სამ თას ღვინოს, რომელსაც საერთო ტრაპეზზე მიიღებ, ნუ მიუმატებ მეოთხეს. მხოლოდ რაიმე დიდი სნეულება შეიძლება იყოს მიზეზი მეტი ღვინის მიღებისა.

მაშინვე ნუ გაუწვდი ხელს მას, ვინც რაიმეს (საზრდოსაგან) გთავაზობს.

თუ ახალგაზრდა ხარ, ხელის გაწვდომას უფროსს ნუ დაასწრებ, რადგან ამგვარად თავმდაბალი კაცი არ მოიქცვა.

ძილად მისულმა მცირედ იძინე, იმდენი, რამდენიც სხეულის სიმრთელისათვის გესაჭიროება, და ანგელოზნი გეწვევიან.

თუ ჯანმრთელად ხარ და სნეულებას რასმე არ შეუპყრიხარ, ნუ შეიხსნი ხოლმე სარტყელს.

როცა ძილად მიხვალ, ხელებს ნუ შეიწყობ შიგნით, რათა უნელიედ არ შესცოდო ღამით.

დღე და ღამე შენი კუნკული გეხუროს და მანტიით იყავ შემოსილი, და ყველა შენს შესამოსელში იყავი, როგორც პატიმარი და ტყვე.

ისეთი სამოსით ნურასდროს შეიმოსები, რომლითაც თავს განიდიდებ და მოიწონებ.

შენს შესამოსელს გაუფრთხილდი, რათა განკითხვის დღეს შიშველი არ აღმოჩნდე მრავალთა მსგავსად.

იმაზე მეტს, რაც შენ აუცილებლად გესაჭიროება, ნურაფერს ნუ შეინახავ სენაკში.

სიღატაკე ბერ-მონაზონისა სხვა არაფერია, თუ არ ზომიერება ყველაფერში, ანუ იმგვაარი ცხოვრება, როცა ის მცირედს, მხოლოდ აუცილებელს სჯერდება.

კიცხევა, შენი მისამართით თქმული, პატივსა და განდიდებაზე უფრო მეტად შეიყვარე, სხეულის დაშვრომა მოსვენებაზე მეტად, და აუცილებელ საგანთა უქონლობა – მათს სიჭარბეზე მეტად.

საეკლესიო საქმეები (მისი მოვლა-პატრონობა, დაცვა და თვალყურის მიდევნება იმაზე, რომ ღმრთისმსახურება ყოველთვის და ჯეროვნად აღსრულდეს) უნდა მიენდოს მართალ და ღვითისმოშიშ ძმებს.

როგორც კი ზარს ჩამოჰკრავენ, ნუ დაიზარებ და მაშინვე ეკლეისას მიაშურე.

ნუ მიატოვებ წირვა-ლოცვას მის დამთავრებამდე, რათა ეს დაბრკოლებად და ეშმაკის საფრთხედ არ იქცეს შენთვის.

ეკლესიაში ყოფნის ჟამს ნუ ილაპარაკებ.

იმგვარადვე ნუ იქნები ეკლესიაში, როგორადაც მრავალი ადამიანის შესაკრებელში ხარ ხოლმე (ანუ სული შენი მრავალი ზრახვითა და ხმაურით არ უნდა იყოს შეშფოთებული).

ეკლესიაში ნუ იფიქრებ შენი მკვდრის დამარხვაზე (ანუ, ეკლესიაში ყოფნისას ნუ იფიქრებ იმაზე, როგორ მოაწყო შენი ცხოვრებისეული საქმეები).

ნურც ერთ საქმეს, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ნუ შეუდგები მონასტრის აბბასთან რჩევის უკითხავად.

ნუ განამრავლებ სიტყვას შენი აბბასა და შენზე მაღლად მდგომ ბერ-მონაზონთა წინაშე.

მტკიცედ გქონდეს დამარხული გულში შეგნება იმისა, რომ ყოველივეში შენს სულიერ მამას დაემორჩილო, და თუ ამას იქმ, შენში ღმრთის შიში ჩასახლდება.

მწვერვალი შენი მოსაგრეობისა მორჩილებაა, და იგი სიკეთედ გექმნება შენც და სხვა ადამიანებსაც, თუკი უფლის უღელი გიტვირთავს შენი სიჭაბუკიდან.

ნუ იქნები ურჩი და შეუსმენელი, თორემ საშუალება შეიქნები ყველა ბოროტებისთვის და შენში, როგორც ჭურჭელში, დაგროვდება უკეთურება და არაწმიდება.

სიმდაბლითა და ცრემლებით შესთხოვე ხოლმე შენს სულიერ მამას დაგმოძღვროს და შეგაგონოს ყოველივე ის, რაც ჯერ არ უწყი, და მაშინ არასდროს არ იქნები სირცხვილეული.

ყოველთვის გახსოვდეს შენი მოძღვაარი, რომელიც კეთილი სწავლებით განგამტკიცებს, და ეცადე მისგან შეიცნო ცხოველმყოფელი მცნებები, და თუ ასე იქმ, უფლის ნებით კეთილმსახური ცხოვრებით გალევ შენს დღეებს ამქვეყნად, ვითარცა ამას ბრძანებს პავლე მოციქული: „ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაისწარმეტყველებითა, და დასხმითა მით ხელთა ხუცობისაითა. ამას იწურთიდ და ამას შინა იყავ, რაითა წარმატებულებაი ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა“ (1 ტიმ. 4,14-15).

თუკი შენ მართლაც წრფელი გულით მოგიხრია ქედი მორჩილების უღლისათვის, ყურადღებით მოუსმინე ხოლმე, რასაც გიბრძანებენ, და შემდეგ კეთილსინდისიერად აღასურლე ყოველივე მთელის სისრულით შენს მიერ დადებული აღთქმისა.

ნუ დაუმალავ შენს სულიერ მამას შენს მიერ ჩადენილ ცოდვას.

კეთილი ზნე და საქციელი ყოველდღიურად დაისწავლე შენი მოძღვრისაგან.

შენი სულიერი მამები ხორციელ მშობელზე მეტად გიყვარდეს, იმიტომ, რომ ისინი ღმერთის სახელით ზრუნავენ შენთვის.

იმგვარად იცხოვრე, რომ მონასტრის მამებმა, რომელთაც სულიერად დაგბადეს შენ, განიხარონ შენი დიდების ხილვით წმიდათა დასთან ერთად.

ყოველმხრივ ეცადე, რომ მონასტრის მოძღვართა ლოცვა-კურთხევა მიიღო და მათი მადლი შენზედაც გადმოვიდეს.

ყველას არ გაუმხილო ხოლმე შენი ზრახვები, არამედ მხოლოდ იმათ გაენდე, ვისაც ძალუძს შენს სულს უმკურნალოს.

შენი ფიქრები ყველას არ გაუმხილო, რათა საცთურად არ იქცე შენი ძმისა და მოყვასისათვის.

ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება გქონდეს, მაგრამ ყველას ნუ გაიხდი მრჩევლად.

ეცადე ისეთ სათნოებას მიაღწიო, რომ ყველა ადამიანი გლოცავდეს და გაკურთხევდეს შენ.

შენი ძმის მწუხარება გაიზიარე და თანალმობა უჩვენე.

თუკი რომელიმე ძმა დაბეჯითებით გთხოვს, დამეხმარეო, მთელი ის დღე მის გვერდით იშრომე.

მეგობარს განსაცდელი შეგძენს, შენ კი ყველა არ დაიახლოვო, ვისაც შენთან ურთიერთობა სურს, და ნურც ყველას მიენდობი, რადგანაც ეს სოფელი მზაკვრობითაა სავსე, არამედ ამოირჩიე ძმათაგან ერთი, კეთილად მოშიში ღმრთისა და მასთან იმეგობრე როგორც ძმამ – ძმასთან და თანასწორმა თანასწორთან. მაგრამ უმჯობესია ღმერთს მიეკრო, როგორც შვილი მამას, რადგან კაცთაგან თითქმის ყველანი, გარდა მცირედთა, მზაკვროგას მისცემიან და ესე ქვეყანაც აღსავსეა ამაოებით, ჭირითა და გლოვა-მწუხარებით.

შეუბრალებლად ამხილე ხოლმე შენი შეცთომილი შვილები და სწორ გზაზე დააყენე, იმიტომ, რომ შენც აგებ პასუხს მათი ცოდვებისათვის განკითხვის საშინელ დღეს.

თუკი რომელიმე ძმათაგან მოვა შენთან და თავის ზრახვებსა და ფიქრებს გაგანდობს, იცოდე, ნურავის ეტყვი რაიმეს მათს გამო, არამედ ილოცე შენი და მისი სულის ხსნისათვის, რათა ორივეს წყალობის თვალით მოგხედოთ უფალმა.

ნუ განაგდებ შენგან იმ ადამიანს, ვინც ქრისტეს რწმენას ეძიებს.

ვინც არ შეიწყნარებს შენს რჩევა-დარიგებას, ნუ დამოძღვრავ იმას.

ნურავის დაუდებ წესად ისეთს რასმე, რაც მანამდე თვით შენ არ გამოგიცდია და არ აღგისრულებია საქმით.

ყველაზე დიდი უმსგაგვსოება ამქვეყნად, მრავალ სხვა უმსგავსოებათა შორის, ის არის, როცა სხვას იმის აღსრულებას შეაგონებ, რისი გაკეთებაც თავად არ ძალგიძს. უწყოდე, რომ სხვათა საქმეთაგან შენთვის სარგებელი არ არის.

ყოველ დღე, ძილისაგან აღმდგარმა, პირველ ყოვლისა, იმ სნეულებზე იფიქრე და იზრუნე, რომელნიც საძმოში გყავთ.

მოინახულე ხოლმე სნეული ძმები და ჭურჭელიც წყლით აღუვსე (რითაც შეგიძლია, მოემსახურე).

ყველაფერი, რაც კი ზედმეტი გაქვს, მონასტრის სნეულებს დაურიგე, და რითაც შეგეძლება, შეეწიე.

თუკი შენი აბბა სნეულ ძმათა სამსახურებლად განგაწესებს, სრულის გულით ემსახურე მათ, რათა ორმაგი საზღაური მიიღო ღმერთისაგან, – ანუ სიყვარულით აღსრულებული მორჩილებისა და სნეულთა შეწევნისათვის.

თუკი შენთან რომელიმე ძმა მოვა, თუნდაც ეს უდროო დროს მოხდეს, სიხარულით მიიღე იგი, რათა მანაც მადლი მიუძღვნას ღმერთს და შენს გამო მწუხარებამ არ შეიპყროს.

თუკი რომელიმე ძმა გესტუმრება, ყოველივეში დაიმდაბლე თავი მის წინაშე, კეთილგანწყობით შეეგებე და ყველაფრით შეეწიე, რითაც კი ძალგიძს უფლის მიერ, და უპირველესად თავის განდიდებისა და ზესთამჩნეობისა გეშინოდეს.

პირი-სახე შენი მარადღე მწუხარებით უნდა გამოიმზირებოდეს, და მხოლოდ მაშინ, როცა შენ ძმანი გესტუმრებიან, გულმხიარულად შეხვდი მათ და პირისახითაც გამხიარულდი.

თავმდაბალი იყავი შენს ყოველ მოქმედებაში.

ყოველს შენს საქციელში და ურთიერთობაში სხვებთან უბედური გლახაკის მიმბაძველი იყავი: თავს ნუ განიდედებ ვინმესთან საუბრისას, ანდა როცა სადიდებელს უგალობ ღმერთს, და როცა ძმებს შეხვდები საკრებულოში, შენი სიტყვა, დაე, უბრალო იყოს, შულამაზებელი და სიმდაბლით განმსჭვალული.

ყრმასთან და ჭაბუკთან საუბარს ნუ გააბამ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება დაბრკოლებად გექცეს.

ყრმას კი, საერთოდ, ნურასდროს ნუ დაელაპარაკები.

ჭაბუკს ნუ დაუმეგობრდები და მით უმეტეს, თანამოსაგრედ ნუ გაიხდი მას, რათა შენში ადგილი არ დაუთმო ეშმაკს.

შენს გვერდით მდგომ ძმას ხელს ნუ ჩასჭიდებ ხოლმე, და ნურც მის ღაწვს შეეხები, სულ ერთIა, შენზე უფროსი იქნება ის, თუ შენზე უმცროსი.

სრული ძალისხმევით ეცადე მოშორდე ხოლმე იმ ადამიანებს, რომელნიც მოკლებულნი არიან გონიერებას და გულისხმისყოფას.

თუკი ნამდვილად მშვიდი ცხოვრება გინდა, ნუ შეხვალ იმ ადამიანებთან, რომელთა მთელი საზრუნავი ამაოებაა, და თუ როდისმე შემთხვევით მოხვდები მათ შორის, ისე დაიჭირე თავი, თითქოსდა არც ხარ მათს გვერდით.

ნუ აღიმაღლებ ხოლმე ხმას ( და საერთოდაც, სულ მდუმარედ იყავი საკანში), და მხოლოდ წესდებით დადგენილ ლოცვათა წარმოსათქმელად გაიღე ხმა.

ერიდე ენით კიცხევასა და ლალვას, და საერთოდაც, აღვირი ამოსდე შენს ენას.

მრავალს ნუ იტყვი, რასაც არ უნდა იტყოდე, რათა არ მოგშორდეს შენ სული ღმრთისა.

უდიდებულესი საქმეა მდუმარება, რომელშიც ჩვენ უფალს ვემსგავსებით, დუმილს რომ იმარხავდა მიუხედავად ჰეროდეს წოდებისა.

როდესაც ერთად შეიყრებით ხოლმე შენ და შენი მსგავსი მართლ მორწმუნენი ძმათაგან, უფრო კეთილი და უმჯობესი ხვედრო აირჩიე შენთვის – უმეტესად მოისმინე და გულისხმაყავი ყოველივე ის, რასაც სხვები იტყვიან, და ყოველთვის გულმოდგინედ აღასრულე ეს მხსნელი რჩევა. ეს ბევრად უკეთესი და სასარგებლო იქნება შენი სულისთვის, ვიდრე ის, რომ თავად ილაპარაკო.

როცა ვინმესთან მისვლა მოგიხდება ძმათაგან, დაე, ღმრთის შიში იყოს შენს გულში, და ბაგენი შენნი დაიდუმე, რათა საცთური არ შეგხვდეს და მშვიდობით დაუბრუნდე შენს სენაკს.

გონიერმა კაცმა, ღვთაებრივ სიბრძნეს ნაზიარებმა, კარგად უწყის, რა სჯობს მისთვის და როგორ უნდა მოიქცეს, ამიტომაც არ იჩქარის ლაპარაკს, არამედ კარგად ასწონ-დასწონის და ასე გადასწყვეტს – როდის ისმინოს და როდის ისიტყვოს. ხოლო უგნური ადამიანი არ იქცევა ასე და არ შეიკრძალავს ენას.

როცა ძმათა შორის დაჯდები, მრავალს ნუ ისიტყვებ, და თუ რაიმე გინდა ჰკითხო მათ, მოკლედ და თავმდაბლად ჰკითხე.

სიტყვანი შენნი, დაე, კეთილგანწყობით იქმნენ წარმოთქმული, ღმრთის შიშში დასამოძღვრავად, უწყოდე, რომ შენი სიტყვების მიხედვით მოგეგება დიდებაცა და დამცირებაც.

ნუ ილაპარაკებ რისხვით აღვსებული, არამედ ყოველთვის სიბრძნით და გონიერებით წარმოთქვი შენი სიტყვა, მსგავსად ჩვენი ყოვლად ბრძენი წმიდა მამებისა; მდუმარებაშიც მათ მიბაძე და საუბარშიც, რადგან მათი სიტყვა ყოველთვის აღსავსე იყო სიბრძინთა და გონიერებით, ისევე, როგორც მათი მდუმარება.

ენა შენი, დაე, ყოველთვის გონების კარნახს ემორჩილებოდეს, რადგან გონიერებას მოკლებული სიტყვები ბასრ ეკლებად გექცევა შენვე.

განეშორე სიცრუეს, თუ არა და იგი განაგდებს შენგან ღმრთის ჭეშმარიტ მოშიშებას.

შენი ბაგეები ყოველთვის მხოლოდ ჭეშმარიტების სათქმელად უნდა ხმიანებდნენ.

საგანი შენი სიტყვა-საუბრებისა, დაე, ყოველთვის ღმერთის კეთილმოქმედებანი და მოწყალებანი იყოს – ამით შენ ღირსი შეიქნები უზენაესისაგან კიდევ უფრო მეტი სიკეთისა და მოწყალების მიღებისა. ყოველი შენი სიტყვით ღმერთს განადიდებდე.

ნუ გამოიძიებ ბოროტ საქმეებს და ნუ იკითხავ მათს გამო, არამედ შორს დაიჭირე თავი მათგან.

უსაგნო საუბარს ნურასდროს ნუ დაიწყებ, და იმათაც ნუ დაუგდებ ყურს, ვინც ამაოს იტყვის, რათა ასეთი ცარიელი, ამაო საუბრის მიზეზით ბოროტება არ შემოვიდეს შენს სულში.

მოიძულე ამაო სიტყვა და ნურაფერს ნურც იტყვი და ნურც მოისმენ ყოველივე იმის გამო, რაც ამაქვეყნიურ ამაოებას შეადგენს.

რამდენადაც შეძლებ, თავი შეიკავე ხოლმე ხუმრობებისა და თავშსესაქცევი საუბრებისაგან.

ნურასოდეს ნუ იყვირებ, ნუ ილაპარაკებ ძალზე ხმამაღლად და აჩქარებით, რადგან ვინც სიტყვებს განამრავლებს, იგი დაზღვეული ვერ იქნება ცოდვისაგან. სიტყვამრავალი კაცი – ბრიყვი და უგუნურია (ეკლესიასტე 10, 14).

ჯიუტი და თავისნათქვამა ნუ იქნები; დაჟინებით ნურასდროს ნუ მოითხოვ შენი სიტყვების აღიარებასა თუ შესრულებას, როგორი მართალიც არ უნდა იყო, რათა ბოროტი არ შემოვიდეს შენს სულში, და მრისხანებით არ აღივსო.

ნუ დაიფიცავ ნურც ღმერთს და ნურც სხვას რასმე თუნდაც ყოვლად უეჭველი და კეთილი საქმის გამო, ხოლო საჭოჭმანო საქმისთვის, მით უმეტეს, უჯეროა ფიცილი.

თუკი აუცილებელი საჭიროების მიზეზით იძულებული გახდები ქალაქში წახვიდე, მარტოდ ნუ გაემართები, არამედ ვინმე წაიყვანე ძმათაგან თუ მორჩილთაგან.

როცა წყლის მოსატანად ხარ წასული, ანდა მოგზაურობ სადმე რაიმე საქმისთვის, გონებაში ფსალმუნები წარმოთქვი ხოლმე და განუწყვეტლივ მათზე იფიქრე.

როცა ძმებთან ერთად მიდიხარ სადმე, მცირე მანძილით მოშორდი მათ და მდუმარედ იარე.

გზად მიმავალი სადმე, ნუ მიიქცევი ნურც მარჯვნივ, და ნურც მარცხნივ, არამედ ყურადღებით იკითხე გონებაში ფსალმუნები და გულში ილოცე ღმერთის წინაშე. ამასთან, სადაც არ უნდა მოგიხდეს მისვლა და გაჩერება, იმ ადგილთა მცხოვრებლებს ნუ დაიძმობილებ.

ბრბოში, საერო ადამიანთა თავყრილობაში ნურასდროს ნუ გაერევი, მაგრამ ნურც ფარისეველის მსგავსი იქნები, რომელიც ყველაფერს სხვათა დასანახად იქმს.

ქალს ნებას ნუ მისცემ მოგიახლოვდეს, და მით უფრო, არაფრით არ დაუშვა, რომ იგი შენს საცხოვფრებელ სენაკში შემოვიდეს, რადგან ქალის კვალად შენთან ქარბორბალა შემოვა ამაო ზრახვათა.

ქალთან ერთად ნურასდროს ნუ მიიღებ საზრდოს, და ნურც ყრმასთან გაიზიარებ ტრაპეზს, მით უმეტეს, არც მეგობრობა გმართებს მათთან.

როცა აუცილებლობით იძულებული იქნები სადმე სხვაგან, შენი სენაკის გარეთ გაათიო ღამე, იცოდე, ერთ ზეწარს თუ სამოსს ნუ დაიხურავ ვინმესთან ერთად, სულ ერთია, ვინც არ უნდა იყოს იგი (მონასტრის ძმათაგან ვინმე თუ სხვა).

ნუ დაწვები ღამის გასათევად ერთ ჭილოფზე (ერთ სარეცელზე) იმასთან, ვინც შენზე ახალგაზრდაა.

ორნი ძმათაგან ნუ დაიძინებთ ერთ ჭილოფზე, თუკი ეს უკიდურესი გაჭირვებით არ იქნება გამოწვეული, და, საერთოდაც, ნურავისთან ნუ დაწვები ღამის გასათევად ერთ ჭილოფზე, დაე, თუნდ ის შენი ღვიძლი ძმა, ანდა მშობელი მამა იყოს.

სასტუმრო სამყოფელში მონასტრისა დიდხანს ნუ დარჩები ხოლმე.

მოშურნე იყავი სათნოებათა მოხვეჭა-მოპოვებაში, რათა სხვაფრივ მცონარებას არ დაემონო.

ერიდე, რომ ღვთაებრივი სიყვარული არ განგრილდეს შენს სულში და გულგრილობას არ მიეცე.

კეთილ საქმეთაგან, რომელთა ქმნასაც შესდგომიხარ, კვალად უკან ნუ მიიქცევი და ცოდვის გზას ნუ დაუბრუნდები.

რაკი განმარტოებული ცხოვრება დაგიწყია, კვალად ნუღარ დაუბრუნდები ძველი ცხოვრების წესს.

ნუ მიატოვებ იმ საქმეთა ქმნას, რომელნიც გიტვირთავს სათნოების ღვაწლში შემდგარს, რათა მცონარი და არაგულმოდგინე არ შეიქნე და არ შესცოდო. ბოლომდე, უდანასკნელ წამამდე შენი ამქვეყნიური ცხოვრებისა, მთელის არსებით გიყვარდეს უფალი, და მისი წყალობის ღირსი შეიქნები.

როგორადაც ქალაქის გარეთ მდებარე ნასახლარი შეიქნება ხოლმე ყოველგვარი არაწმიდების ბუდედ და სანაგვე ადგილად, ასევე ყოველგვარი ბოროტი ვნებებისა და არაწმიდების სამყოფლად შეიქნება ხოლმე იმ ბერმონაზვნის სული, რომელიც მცონარებას მისცეია და არაგულმოდგინედ ეწევა განდეგილ ცხოვრებას.

თუკი შენ ღმერთისთვის მიგიძღვნია თავი, მისი ყველა მცნება აასრულე, და რასაც გიბრძანებენ, გულმოდგინედ აღასრულე, ისე, რომ არაფერი გამოგრჩეს ნაბრძანებიდან; თუკი რომელიმე მცნებას გამოტოვებ და არ დაიმარხავ, ანდა ნაბრძანებიდანაც რაიმე გამოგრჩება, მაშინ შენც არ მოგეტევება უწინდელი ცოდვები. ხოლო თუკი მტკიცედ გადასწყვეტ ყოველი მცნება აღასრულო, ისე, რომ სიკვდილისაც არ შეგეშინდება, მაშინ დარწმუნებული იყავი, რომ ყველა უწინდელი ცოდვა მოგეტევება.

შენი გონება განუწყვეტლივ იმით უნდა იყოს დაკავებული, თუ როგორ აღასრულოს უფლის მცნებები; მთელი ძალისხმევა იმას მოახმარე, რომ უფლის მცნებები დაიმარხო, ამასთან ისე, რომ ერთიც კი არ გამოტოვო მათგან, რადგან, თუკი სხვაგვარად მოიქცევი, შენი სული სამყოფლად შეიქნება ყოველგვარი არაწმიდებისა.

Twitter del.icio.us Digg Facebook linked-in Yahoo Buzz StumbleUpon